ღამის კლუბი „ბასიანი“ ღონისძიებებს გარკვეული დროით აუქმებს
12/03/2020 11:13:20 საზოგადოება
"მსოფლიო მასშტაბით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, ღამის კლუბი BASSIANI ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილებას და საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით აუქმებს", - ამის შესახებ „ბასიანი“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„გააზრებული გვაქვს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ნებისმიერ სფეროს, მათ შორის დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციისთვის საჭირო ყველა ღონისძიებას მივმართეთ, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობას შესაძლო საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ, რადგან სოლიდარობა, პასუხისმგებლობა და ადამიანებზე ზრუნვა ყოველთვის დარჩება ჩვენს უმთავრეს ფასეულობად. გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, საჯარო სივრცეებში ყოფნისგან მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, გავუფრთხილდეთ სხვის ჯანმრთელობას, როგორც საკუთარს. მხოლოდ ასე შევძლებთ გავრცელებული ვირუსის დამარცხებას და საყვარელ სივრცეებში დროულად დაბრუნებას. ვწუხვართ, რომ გვიწევს ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცეების დროებით შეზღუდვა, მაგრამ გვახსოვდეს - ჩვენ მაინც ვცეკვავთ ერთად, იზოლაციაშიც. დამატებითი ინფორმაცია სიტუაციის განვითარებასთან ერთად გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.“, - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის ღამის კლუბებმა "KHIDI" და "MTKVARZE" "BASSIANI"–ს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს.


