Accentnews.ge
სამხედრო თანამაშრომლობის სამი ათწლეული - რა შესძინა ამერიკამ ქართულ ჯარს

სამხედრო თანამაშრომლობის სამი ათწლეული - რა შესძინა ამერიკამ ქართულ ჯარს

13/01/2026 07:40:00 პოლიტიკა, თავდაცვა

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921წწ.) იწყება, თუმცა საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, უფრო მაღალ დონეზე ავიდა. კერძოდ, 1991 წლის 25 დეკემბერს პრეზიდენტმა ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა,[1] ხოლო 1992 წლის 24 მარტს ამ ორ სახელმწიფოს შორის ოფიციალურად დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები.[2] აქედან მოყოლებული საქართველოსა და აშშ-ს სხვადასხვა ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა დაახლოებასა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც სხვადასხვა სფეროში დახმარებასაც მოიცავდა. ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გადაიდგა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა საქართველოს სანაპირო დაცვას ოთხი ნავის შესყიდვასა და განახლებაში, ოთხი სანაპირო რადიოლოკაციური სადგურის აგებასა და საწვრთნელი პროგრამების მოწყობაში.[3]

ურთიერთობების გაღრმავება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ დაიწყო, როდესაც გააქტიურდა ხელისუფლებისა და ამერიკული საზოგადოების ინტერესი ახლო აღმოსავლეთისა და ტერორიზმის მიმართ. 2002 წლის 11 მარტის გამოსვლაში პრეზიდენტმა ჯორჯ უოკერ ბუშმა აღნიშნა, რომ ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტები პანკისის ხეობაში იყვნენ აქტიურნი და, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თხოვნით, ის დროებით აგზავნიდა 150 სამხედრო ინსტრუქტორს, რათა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მათთან ბრძოლის უნარები გამოემუშავებინათ.[4] ,,საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ (Georgia Train and Equip Program (GTEP)) ოფიციალურად იმავე წლის 27 მაისს გაიხსნა.[5] აღნიშნული პროგრამა 2004 წელს დასრულდა, თუმცა მას მოჰყვა საქართველოს მდგრადობისა და სტაბილურობის ოპერაციების პროგრამა, რომელიც 2007 წელს დასრულდა.[6]

ვარდების რევოლუციის შემდეგ აშშ-საქართველოს ურთიერთობებმა ახალი მუხტი შეიძინეს, რაც გამოიხატა აქტიურ ორმხრივ მოლაპარაკებებში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის საქართველოს ვიზიტში და ქართული ჯარების მონაწილეობაში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო მოქმედებებში. 2003 წლიდან ქართული ჯარები მონაწილეობდნენ ერაყის ომში და მათ რაოდენობამ პიკს, 2300-მდე ჯარისკაცს, 2008 წელს მიაღწია. ამავდროულად 2005-2008 წლებში საქართველოდან 550 ჯარისკაცი იყო ჩართული ერაყში გაეროს მისიაში. საქართველო წარმოადგენდა ნატო-ს არაწევრ ქვეყანას, რომელსაც ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ჰყავდა ჩართული ერაყის ოპერაციაში.[7]

ავღანეთის ომში საქართველო 2004 წლის აგვისტოში ნატო-ს „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (International Security Assistance Force - ISAF) შემადგენლობაში ჩაერთო. საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო მას შემდეგ, რაც 2009 წლის 9 იანვარს ორ ქვეყანას შორის გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. ეს მრავლისმომცველი დოკუმენტი საზღვრავს ორ სახელმწიფოს შორის გაღრმავებულ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და 2008 წლის რუსული აგრესიის ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავდაცვასა და უსაფრთხოებას.[8] ამის შედეგად 2009 წლიდან ავღანეთში ნატო-ს ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ჩართულ ქართველ ჯარისკაცებს უკვე ამერიკელი საზღვაო ქვეითთა კორპუსი წვრთნიდა.[9] ავღანეთში საქართველოს ჩართულობა 2021 წლამდე გაგრძელდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2008 წლის ომის მიმდინარეობისას აშშ-მ ბათუმში ორი სამხედრო ხომალდი - სანაპირო დაცვის WHEC 716 Dallas და საზღვაო ძალების სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანი DDG 74 McFaul შემოიყვანა ჰუმანიტარული დახმარების ჩამოსატანად და რუსეთისადმი ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალის გასაშვებად.[10]

საქართველოსთვის ასევე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა 2008 წლის 9 ოქტომბერს ბრიუსელის კონფერენციაზე მისთვის გამოყოფილ მსხვილ ფინანსურ დახმარებას, რომელშიც აღსანიშნავია აშშ-ს მიერ გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარი, რომლიდანაც 44 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა უსაფრთხოებაზე, რომლითაც 2009-2011 წლებში განხორციელდა საქართველოს სანაპირო დაცვის გაუმჯობესების პროგრამა. ის მოიცავდა პერსონალის წვრთნას, ინგლისური ენის შესწავლის ცენტრების ჩამოყალიბებას ფოთსა და ბათუმში, 3 საზღვაო ნავის გარემონტება/შენახვას, შენახვა/გარემონტებისთვის აუცილებელი დანადგარების შესყიდვასა და შესაბამისი ობიექტის მოწყობასა და სანაპირო სადაზვერვო/სათვალთვალო სისტემის მოწყობას.[11]

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერთობლივ სწავლებებს. 1997 წლიდან საქართველო მონაწილეობს საზღვაო სწავლება Sea Breeze-ში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მასში საქართველოსა და უკრაინასთან ერთად აშშ და ნატოს სხვა წევრი და არაწევრი სახელმწიფოები იღებენ მონაწილეობას.[12] 2011 წლიდან აშშ და საქართველო ატარებენ ყოველწლიურ სწავლება ,,მტკიცე სულს“ (Agile Spirit), რომელსაც 2015 წლიდან ნატო-ს სხვა წევრი სახელმწიფოებიც შეუერთდნენ. ამავე წლიდან ტარდებოდა ყოველწლიური სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner).[13] 2024 წლის 5 ივლისს საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესების ფონზე აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ განუსაზღვრელი ვადით აჩერებდნენ სწავლება ,,ღირსეულ პარტნიორს“, თუმცა 2025 წლის ზაფხულში სწავლება ,,მტკიცე სული“ მაინც დაიგეგმა და ჩატარდა.[14]

2015-2023 წლებში აშშ-მ 334 მილიონი დოლარი დახარჯა საქართველოს თავდაცვის გასაუმჯობესებლად. ამ თანხების მეშვეობით საქართველოს შეეძლო ამერიკაში წარმოებული სამხედრო შეიარაღების შესყიდვა და დამატებითი წვრთნის დაფინანსება.[15] სწორედ ასე გახდა შესაძლებელი ამერიკული ,,ჯაველინის“ ტიპის სარაკეტო დანადგარების შესყიდვა 2017 და 2022 წლებში.[16] 2017 წლიდან დაიწყო საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ,,საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ (Georgia Defense Readiness Program (GDRP)), რომელიც 2021 წლამდე გაგრძელდა. მის ფარგლებში 2018 წლიდან ამერიკელმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ქართული ქვედანაყოფების, მათ შორის 9 მსუბუქი ქვეითთა ბატალიონის, გაწვრთნა.[17] 2021 წლიდან ის ჩაანაცვლა ,,საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაუმჯობესების ინიციატივამ“ (Georgia Defense and Deterrence Enhancement Initiative (GDDEI)).[18]

საბოლოო ჯამში 1992 წლიდან აშშ-მ საქართველოსთვის 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო დახმარების სახით, რისი მოზრდილი ნაწილიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე დაიხარჯა. 2024 წლიდან მოყოლებული ,,ქართული ოცნების“ ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვა დაიწყო და გარკვეული დაფინანსების პროექტების შეჩერებაც გადაწყვიტა, თუმცა, აშშ-ს ელჩ, რობინ დანიგანის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი დახმარება ამ ეტაპზე გრძელდება,[19] რაც გამოიხატა კიდეც 2025 წლის 25 ივლისიდან 8 აგვისტომდე სწავლება ,,მტკიცე სულის” ჩატარებაშიც.[20] აქედან ჩანს, რომ, დაძაბული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა მაინც გრძელდება და აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში საქართველოს მაინც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

სპეციალურად "აქცენტისთვის", კონსტანტინე მეგრელიშვილი, ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის მკვლევარი



[1] ,,Address to the Nation on the Commonwealth of Independent States”, 1991-12-25, George H.W. Bush Presidential Library & Museum, ბმული (ნანახია 22.12.2025).

[2] ,,Statement by Press Secretary Fitzwater on Diplomatic Relations With the Republic of Georgia”, 1992-03-24, George H.W. Bush Presidential Library & Museum, ბმული (ნანახია 22.12.2025).

[3] International Business and Technical Consultants, ,,Maritime Security Special Thematic Report”, Georgia Monitoring Project, submitted to U.S. Department of State, April 2012, გვ. 7.

[4] ,,Remarks on the Six-Month Anniversary of the September 11th Attacks“, March 11, 2002, in Public Papers of the Presidents of the United States, Administration of George W. Bush, 2002, Book I, Published by the Office of the Federal Register, National Archives and Records Administration, გვ. 376.

[5] სალომე ჯაში, ,,“საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა” ოფიციალურად გაიხსნა“, Civil Georgia, 28 მაისი, 2002, ბმული (ნანახია 22.12.2025).

[6] Cory Welt, Georgia: Background and U.S. Policy, Congressional Research Service, Updated September 4, 2024, გვ. 23.

[7] Tom Lansford, ,,Georgia, Role in Iraq”, in The Encyclopedia of Middle East Wars: The United States in the Persian Gulf, Afghanistan, and Iraq Conflicts, Volume II, Spencer C. Tucker (ed.) (ABC-CLIO: Santa Barbara, Denver, Oxford, 2010), გვ. 481.

[8] გიორგი კეკელიანი, ,,საქართველო-აშშ ურთიერთობები: დიპლომატიური კავშირების დინამიკა ვარდების რევოლუციის შემდეგ“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 01.30.2021), გვ. 11.

[9] ,,U.S. Security Cooperation with Georgia”, U.S. Department of State, June 16, 2020, ბმული (ნანახია 22.12.2025).

[10] თემურ ჩაჩანიძე, ,,სანაპირო დაცვა საზღვაო სწავლებებში“, არსენალი N5 (279), 2021წ. სექტემბერი, გვ. 14

[11] ,,Maritime Security Special Thematic Report”, გვ. 1-3.

[12] ,,Sea Breeze 1997-99”, Globalsecurity.org, ბმული (ნანახია 22.12.2025).

[13] Welt, Georgia, გვ. 22.

[14] ,,Postponement of Exercise Noble Partner Announcement“, U.S. Department of Defense (Department of War), July 5, 2024, ბმული (ნანახია 22.12.2025).

[15] Welt, Georgia, გვ. 21-22.

[16] ,,საქართველო აშშ-სგან „ჯაველინის“ სარაკეტო სისტემის ახალ პარტიას შეიძენს“, Civil Georgia, 31.01.2022, ბმული (ნანახია 22.12.2025).

[17] ,,U.S. Security Cooperation with Georgia”, U.S. Department of State, June 16, 2020, ბმული (ნანახია 22.12.2025).

[18] ,,FACT SHEET: Georgia Defense and Deterrence Enhancement Initiative“, U.S. Embassy in Georgia, October 18, 2021, ბმული (ნანახია 22.12.2022).

[19] Welt, Georgia, გვ. 21-22.

[20] ,,Georgia Hosts Agile Spirit 2025 Multinational Exercise“, Civil Georgia, 25.07.2025, ბმული (ნანახია 22.12.2025).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S