„ყველაზე მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა“
12/03/2020 07:35:10 საზოგადოება
„ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ამ დროისთვის კლინიკაში 45 პაციენტია მოთავსებული, აქედან 21 ინფიცირებულია. ერთ-ერთი იყო შედარებით მძიმე მდგომარეობით, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა და ახლა მისი პნევმონია შეგვიძლია, შევაფასოთ როგორც საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენი ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც ასევე პნევმონია აქვთ, დამაკმაყოფილებელია, მათთან მსუბუქი მიმდინარეობა იყო და ასევე რჩება ჯერ–ჯერობით. რაც შეეხება ინფიცირებულ 12 წლის ბავშვს, მოზარდი მინიმალური ჩივილებით არის და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადად, ბავშვებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და იმედია, ასე გაგრძელდება. დანარჩენი ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული. 24 ინფიცირებული პაციენტიდან 21 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 18 დაინფიცირდა.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4300–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 118 000–ს გადააჭარბა. 69 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


