ჯანდაცვის მინისტრი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს
12/03/2020 08:30:51 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობა მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.
„ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ საჭიროდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ვინაიდან ყველა ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, აღრიცხულია, მიმდინარეობს მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს იმაში, რომ ინფექცია ვრცელდება კონტროლის გარეშე და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ქართველი ინფექციონისტების განმარტებით, ეს არაფერს ცვლის, ვინაიდან მუშაობის პროცესი ისედაც დე ფაქტო პანდემიის რეჟიმით მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა ფიქსირდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, მათგან მხოლოდ ხუთია პირველადი შიდა გადაცემა, დანარჩენები კი საზღვარგარეთ დაინფიცირდნენ. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი აღრიცხულია.


