"საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო არაა"
11/03/2020 17:42:02 საზოგადოება
საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„თუ კორონავირუსის დინამიკას გავითვალისწინებთ, ევროპის ქვეყნებში თუ მთელ მსოფლიოში, საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში არც გადაცემის ტიპია საგანგაშო.
„დაფიქსირდა 18 გარედან შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და მხოლოდ ხუთი შემთხვევაა საქართველოში შიდა გადაცემის. ისიც, მხოლოდ პირველი რიგის გადაცემა, როდესაც საზღვარგარეთ დაინფიცირებულმა პირმა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ინფექცია საქართველოს მოქალაქეს გადასცა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ პირველი რიგის კონტაქტი. ჩვენთან არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, რომ აქ დაინფიცირებულმა პირმა დააინფიცირა ისევ საქართველოს მოქალაქე, იმან კიდევ სხვა მოქალაქე და ა.შ. ანუ, არ დაფიქსირებულა მეორე, მესამე და ა.შ. რიგის გადაცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში უკონტროლო ეპიდემია მას შემდეგ იწყება, როცა ინფექციის მესამე, მეოთხე და შემდეგი რიგის გადაცემა ხდება.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა ფიქსირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად ცოტა ხნის წინ გამოაცხადა: ეს არის ეპიდემია, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება ვრცელ რეგიონში; მაგალითად, რამდენიმე ქვეყანაში ან მთელ მსოფლიოში.
"ძალიან დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ ამ განცხადებას, რადგან პანდემია დე ფაქტო იყო უკვე კარგა ხანია, და ყველამ ეს ვიცოდით. უბრალოდ ეს არ ჰქონდა გამოცხადებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. პანდემია ჰქვია იმ მდგომარეობას, როცა ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება ცდება ორ კონტინენტს. როცა ვრცელდება ორზე მეტ კონტინენტზე, ეს სიტუაცია უკვე დე ფაქტო არსებობს. თუ გაინტერესებთ, რატომ არ აცხადებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქამდე, მას აქვს თავისი მოსაზრებები ამ საკითხზე, თუ როდის უნდა გამოაცხადოს. ის აცხადებს, როცა არა მარტო ორ კონტინენტს გაცდება, არამედ როცა მოსახლეობის დიდ მასას მოიცავს. ახლა ჩათვალა, რომ საკმარისად დიდი მასა მოიცვა მან, ხედავთ რომ ყოველდღე სწრაფად იზრდება შემთხვევები, განსაკუთრებით ევროპაში და გამოაცხადა პანდემია. ოფიციალურად, ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლის, ჩვენ მაინც ვმუშაობდით იმ რეჟიმში, რომ პანდემია იყო დე ფაქტო“, – განაცხადა თბილისის ინფექციურის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.


