WHO–ს მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
11/03/2020 17:07:00 საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
- ნუ მიეცემით პანიკას;
- ნუ იმოგზაურებთ;
- მოგზაურობის შემთხვევაში დაიცავით თვითიზოლაციის წესები;
- პირველივე სიმპტომებზე დაუკავშირდით ოჯახის ექიმს;
- კლინიკაში კვლევისთვის კონკრეტულ დროს მიდით, რომ რიგში დგომა არ მოგიწიოთ.
„ჩემი თხოვნაა, ნუ მივეცემით პანიკას. რა თქმა უნდა, მსოფლიოში მდგომარეობა სერიოზულია – ეს არ უნდა დავმალოთ, რადგან საქმე სერიოზულ ეპიდემიასთან გვაქვს, რომელიც პანდემიურ ფაზაში გადავიდა, მაგრამ პანიკა ხელს იმფექციის გავრცელებას შეუწყობს და არა პირიქით – შეკავებას. ამიტომ ვთხოვ, მოსახლეობას, ყველამ ერთად – სახელმწიფომ, კერძო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ ვიბრძოლოთ ინფექციის დასამარცხებლად. ეს ინფექცია შეიძლება, ოდნავ რთულია, ვიდრე გრიპი, მაგრამ ის ნამდვილად დაძლევადია. ალბათ, პირველად იქნება ისტორიაში შემთხვევა, როდესაც პანდემია სწრაფად დამარცხდება. დღეს საზოგადოება უფრო მომზადებულია, რომ პანდემიას გავუმკლავდეთ, მაგრამ აქ აუცილებელია სოლიდარობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
კიდევ ერთხელ ვთხოვ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, მით უფრო ახლა – პანდემიის პირობებში, ნუ ვიმოგზაურებთ სხვადასხვა ქვეყნებში. ხოლო თუ წავედით და ვბრუნდებით, კეთილი ვინებოთ და ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა იყოთ. მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკი თქვენთვის, თქვენი ახლობლების და საზოგადოებისთვის.
გარდა ამისა, გვექნება თუ არა პირველივე სიმპტომები, უნდა დავუკავშირდეთ ექიმს. სასურველია, კონსულტაცია ტელეფონით შედგეს. თუ ექიმი გეტყვით, რომ უნდა მიხვიდეთ კლინიკაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიხვალთ. სჯობს, ზუსტი საათი დაგინიშნონ, რომ რიგში დგომა არ მოგიწიოთ. ესეც მთავარი რეკომენდაციაა. ხალხის თავშეყრის ადგილებში ინფექციის გავრცელების მომეტებული რისკია.
და ბოლოს, ერთ–ერთი მთავარო რეკომენდაცია, სახლი, სამუშაო ადგილი სველი წესით დაალაგოთ რაც შეიძლება ხშირად“,– განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პანდემიის პირობებში სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა ფიქსირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად ცოტა ხნის წინ გამოაცხადა: ეს არის ეპიდემია, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება ვრცელ რეგიონში; მაგალითად, რამდენიმე ქვეყანაში ან მთელ მსოფლიოში.
"ძალიან დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ ამ განცხადებას, რადგან პანდემია დე ფაქტო იყო უკვე კარგა ხანია, და ყველამ ეს ვიცოდით. უბრალოდ ეს არ ჰქონდა გამოცხადებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. პანდემია ჰქვია იმ მდგომარეობას, როცა ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება ცდება ორ კონტინენტს. როცა ვრცელდება ორზე მეტ კონტინენტზე, ეს სიტუაცია უკვე დე ფაქტო არსებობს. თუ გაინტერესებთ, რატომ არ აცხადებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქამდე, მას აქვს თავისი მოსაზრებები ამ საკითხზე, თუ როდის უნდა გამოაცხადოს. ის აცხადებს, როცა არა მარტო ორ კონტინენტს გაცდება, არამედ როცა მოსახლეობის დიდ მასას მოიცავს. ახლა ჩათვალა, რომ საკმარისად დიდი მასა მოიცვა მან, ხედავთ რომ ყოველდღე სწრაფად იზრდება შემთხვევები, განსაკუთრებით ევროპაში და გამოაცხადა პანდემია. ოფიციალურად, ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლის, ჩვენ მაინც ვმუშაობდით იმ რეჟიმში, რომ პანდემია იყო დე ფაქტო“, – განაცხადა თბილისის ინფექციურის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.


