“მთავარი არხის” ჟურნალისტი კარანტინში გადაიყვანეს
11/03/2020 11:51:20 საზოგადოება
“მთავარი არხის” ჟურნალისტი, რომელმაც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ინტერვიუ ჩამოართვა, კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ავრცელებს.
საუბარია გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეზე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუ ორი დღის წინ ჩაწერა.
ნოდარ მელაძის განცხადებით, “მთავარმა არხმა" სიუჟეტის მომზადების პროცესში გაიგო იმის შესახებ, რომ რესპონდენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. 23 ინფიცირებული პაციენტიდან 20 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 24 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 158–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 778 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 200–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 115 800–ს გადააჭარბა. 67 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.


