"კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია"
11/03/2020 07:33:51 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებული 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ბავშვის მდგომარეობა ჯერ–ჯერობით არის მსუბუქი. საბედნიეროდ, ბავშვები დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება, ვიდრე მოზარდებში. იმედია, საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება არ წავა უფრო მძიმედ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
10 მარტს საქართველოში კორონავირუსით ბავშვის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მოზარდი ერთ–ერთია იმ 5 პირიდან, რომელთაც ვირუსი გუშინ დაუდგინდათ. ეს 5 პირი დაკავშირებულია მეორე შემთხვევასთან, ე.წ. კლასტერთან, როცა ჯგუფი ერთად მოგზაურობდა იტალიაში. ისინი 28 თებრვლიდან 10 მარტამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. 23 ინფიცირებული პაციენტიდან 20 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 24 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 158–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 778 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 200–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 115 800–ს გადააჭარბა. 67 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.


