ინფექციონისტი: „შემთხვევების ნაკადი იმატებს და სკოლების ახლა გახსნა ლოგიკაში არ ჯდება“
11/03/2020 06:47:59 საზოგადოება
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის შეფასებით, სკოლებში ერთჯერადი დეზინფექციის ჩატარება იმ დროს, როდესაც შენობაში ბავშვები არ იმყოფებიან, აზრს მოკლებულია.
მისი თქმით, დეზინფექციას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ შენობაში ადამიანები იმყოფებიან:
„ერთჯერად დეზინფექციას არავითარი აზრი არ აქვს. დეზინფექცია მუდმივად, რუტინულად ისეთ შენობებში უნდა ჩატარდეს, სადაც ადამიანების ნაკადი სულ იცვლება, ანუ ყოველდღიურად“.
მისი რეკომენდაციის თანახმად, არსებულ რეალობაში სასწავლო პროცესის განახლება „ლოგიკაში არ ჯდება“:
„შემთხვევების ნაკადი იმატებს და სკოლების ახლა გახსნა ლოგიკაში არ ჯდება, მაგრამ სკოლების დახურვაც კონტექსტიდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს. მაგალითად, სკოლაში არსიარული არ ნიშნავს, რომ ბავშვებმა სხვადასხვა წრეებზე იარონ, ქუჩაში სხვა ბავშვებთან ერთად იყვნენ... ჩვენ საკითხს რაციონალურად უნდა მივუდგეთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ ადამიანებმა ერთმანეთისგან დისტანცირება მაქსიმალურად გააკეთონ“.
ცნობისთვის: საქართველოში სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ერთი 12 წლის ბავშვია.


