იტალიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი კორონავირუსის თაობაზე საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს
11/03/2020 06:33:18 საზოგადოება
იტალიაში, ქალაქ კეზაროში მცხოვრები ქართველი პიანისტი თამუნა გიგუაშვილი ახალი ტიპის კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც პიანისტი ამბობს, იტალიელები სპეციალისტების რეკომენდაციებს გვიან დაემორჩილნენ, რამაც ქვეყანა სრულ იზოლაციამდე მიიყვანა.
„სპეციალური წესები მოქმედებს. ბარ–რესტორნები საღამოს ექვს საათზე იკეტება. მათ დღის განმავლობაში მუშაობის უფლებაც იმ პირობით მისცეს, თუ აქვთ საშუალება, რომ მომხმარებლებმა ერთი მეტრის დისტანცია დაიცვან. ითხოვენ, რომ მოქალაქეები სახლში დარჩნენ, რადგან ინვენტარი, მედპერსონალი ფიზიკურად აღარ ჰყოფნით და მიიღეს ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება. პირველ რიგში მათ უმკურნალებენ, ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს. როდესაც რეკომენდაციების დაცვა ითხოვეს, ყველას ეგონა, რომ ეს ნახევრად ხუმრობა იყო. თითოეული ადამიანის სიფრთხილეზე ბევრი რამაა დამოკიდებული. არ მინდა, იგივე საქართველოშიც მოხდეს, რადგან შემდეგ სიტუაციის დაჭერა ძალიან რთული იქნება“,– ამბობს პიანისტი ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის: იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა.
უკანასკნელი მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსს მსოფლიოში 4 299 ადამიანი ემსხვერპლა, 119 217 დაინფიცირდა, 66 563 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 119 ქვეყანაშია გავრცელებული.
კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევა ჩინეთშია დადასტურებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 3 158 ადამიანი ემსხვერპლა, 61 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 631-მდე გაიზარდა. ქვეყანა „წითელ ზონადაა“ გამოცხადებული.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში 23 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ინფექციურ სავადმყოფოში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 4–ია შიდა გადაცემით გამოწვეული, ხოლო დანარჩენი პაციენტები საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და იქ დაინფიცირდნენ.


