"ერთ-ერთი ინფიცირებული ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ფულით გადაედო"
10/03/2020 19:20:32 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პიროვნება ვარაუდობს, რომ ინფექცია შესრულებული საქმის სანაცვლოდ აღებული ფულით შეიძლებოდა, გადაცემოდა .
საუბარია იმ რვა ინფიცირებულთაგან ერთ-ერთ პირზე, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.
„ერთი ინფიცირებული არის პიროვნება, რომელიც წევს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და ის იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ერთ პიროვნებასთან, რომლისგანაც კიდევ სამი ადამიანი დასნეულდა. ეს ახალი ინფიცირებული ასრულებდა თავის მოვალეობას, რაღაც სამუშაო შეასრულა და თავად როგორც ამბობს, ფული აიღო თავის საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით შეიძლება, გადაედო, მაგრამ ეს ზუსტად არავინ იცის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


