რამდენიმე დღეში საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება
10/03/2020 14:24:37 საზოგადოება
რამდენიმე დღეში საქართველოს ახალი ტიპის კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვიცით, რომ აპრილის ბოლოს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კომპანიის, რომელიც ჩვენთან ტუბერკულოზზე და შიდსზე მუშაობს, ტესტ-სისტემები დამზადდება, ეს არის ძალიან ადვილი სახმარი კარტრიჯები, რომელიც 1 საათში გვაძლევს პასუხს. ჩვენ ქვეყანაში ამ ტესტ-სისტემებისთვის 45 აპარატი გვიდგას. ეს აპარატები დეცენტრალიზებულია, ყველა რეგიონში გვაქვს. გარდა ამისა, ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ქვეყნის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს საჩუქრად, დაახლოებით, 1000 ტესტს, გუშინ მივიღე ეს წერილი. თუმცა, მათგან არც ერთი ჯერ–ჯერობით არ არის ვალიდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ამიტომ ჩვენ ამ ტესტებზე ვართ ფრთხილად, თუმცა ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად მიდის და არ გაგვიკვირდეს, რომ ძალიან მალე გვქონდეს ვალიდირებული სწრაფი ტესტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


