„თვითიზოლაციაში საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული თანამოქალაქეებიც უნდა იყვენენ“
10/03/2020 09:48:40 საზოგადოება
„თვითიზოლაციაში საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული თანამოქალაქეებიც უნდა იყვენენ“, მის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შეზღუდვები მართალია, მხოლოდ იტალიას, სამხრეთ კორეას, ჩინეთსა და ირანს ეხება, მაგრამ უკვე დღეს მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და იმ ქვეყნებიდან, სადაც უკვე კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები დაფისირდა, იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად, გადავიდნენ თვითიზოლაციის წესებზე და დაიცვან თაივანთი ოჯახები და თანამშრომლები“, – განაცხადა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. 7 მარტს „COVID-19“კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ოთხივე მათგანს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. მე–14 ინფიცირებულს მე–4 ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. მე–15 დაავადებული კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა.
15 ინფიცირებული პაციენტიდან 14 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 1 კი – საჩხერის კლინიკაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 17 ადამიანი ემსხვერპლა და 19 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3,136–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,754 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 113 000–ს გადააჭარბა. 64 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.


