იტალიაში მცხოვრები რუსუდან ლეჟავა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
10/03/2020 06:23:35 საზოგადოება
იტალიაში, ბარში მცხოვრები რუსუდან ლეჟავა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
როგორც ლეჟავა აცხადებს, მან ბილეთის ფრენების შეწყვეტამდე ყიდვა ვერ მოასწრო, დახმარების თხოვით საქართველოს საელჩოს მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
„გადავწყვიტე, წამოვსულიყავი, მაგრამ დამაგვიანდა – ორი საათის შეწყვეტილი იყო ბილეთების გაყიდვა. საელჩოში დავრეკე და მიპასუხეს, რომ სპეცრეისით, რომელიც 10 მარტს რომიდან გამოფრინდება, ის ადამიანები გამოემგზავრებიან, რომლებსაც ხელში ბილეთები უჭირავთ. სხვა ქვეყნების გავლით გადმოფრენა 400 ევრომდე ჯდება, რისი შესაძლებლობაც მე არ მაქვს. მივმართავ ჩვენს მთავრობას, ვისაც იტალიიდან წასვლის სურვილი აქვს, დაგვეხმარონ, ჩაგვიყვანონ ჩვენს ქვეყანაში. კარანტინში ვიქნებით თუ რაც იქნება, მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში შევხვდე დაბრკოლებასაც და სხვა რამესაც“,– ამბობს ლეჟავა.
ცნობისთვის: იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები რომში იკრიბებიან, საიდანაც მათ სამშობლოში გამომგზავრებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
კორონავირუსის გამო იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. 9 მარტს ახალი ტიპის კორონავირუსით იტალიაში 97 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსისგან იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა.


