იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოსამგზავრებლად რომში იკრიბებიან
10/03/2020 05:38:24 საზოგადოება
იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამშობლოში გამომგზავრება სურთ, რომში შეიკრიბებიან, საიდანაც მათ გამომგზავრებას საქართველოს მთავრობა ახლო მომავალში უზრუნველყოფს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკვე დამუშავებულია ყველა იმ მოქალაქის მონაცემი, ვინც შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდგომ, იტალიაში საქართველოს საელჩოს მიმართა. მათი გამომგზავრება საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლით მოხდება. საქართველოს საელჩო ყველა მათგანთან მუდმივ კავშირზე რჩება, მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან პირველადი საჭიროების ნივთებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ იტალიიდან ჩამოსული მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე შემოწმდებიან.
„შეგროვებულია ინფორმაცია საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან დაკავშირებით, რომელთა ტრანსპორტირებაც მოხდება უახლოეს მომავალში იტალიიდან საქართველოში. ეს მონაცემები დამუშავებულია შესაბამისი სამსახურების მიერ და მიმდინარეობს ამ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია და კავშირი. საქართველოს საელჩომ უზრუნველყო მოქალაქეები შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთებით. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთში, დახურულ რეგიონებში იმყოფებოდნენ, საქართველოს საელჩომ იტალიის მხარის თანაორგანიზებით უზრუნველყო შესაბამისი ნებართვები და დერეფნები ამ ადამიანებისთვის, ნაწილი მათგანი უკვე არის რომში, მეორე ნაწილი მიემგზავრება რომის მიმართულებით და უახლოეს მომავალში, როგორც აღვნიშნეთ, გადმოყვანილი იქნებიან იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში შესაბამისი პროტოკოლის დაცვით და ეს ადამიანები შემოწმდებიან საქართველოში ჩამოსვლისთანავე“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
კორონავირუსის გამო იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. 9 მარტს ახალი ტიპის კორონავირუსით იტალიაში 97 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსისგან იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა.


