Accentnews.ge
როგორ განვასხვავოთ კორონავირუსი გრიპისგან - დავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს

როგორ განვასხვავოთ კორონავირუსი გრიპისგან - დავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს

09/03/2020 07:59:08 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს, თუ რითი განსხვავდება ახალი ტიპის კორონავირუსი ("COVID-19") გრიპისგან. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

"ტრანსმისიის სისწრაფე ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია მოცემულ ორ ვირუსულ დაავადებას შორის. გრიპს, COVID-19-თან შედარებით, აქვს შედარებით ხანმოკლე მედიანური ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან სიმპტომების გაჩენამდე) და სერიული ინტერვალი (დრო ძირითადი შემთხვევის სიმპტომების დაწყებიდან შემდეგი შემთხვევის სიმპტომების დაწყებამდე). მიჩნეულია, რომ COVID-19-ის სერიული ინტერვალი 5-6 დღეს შეადგენს, ხოლო გრიპის შემთხვევაში - 3 დღეს. ეს ნიშნავს, რომ გრიპი COVID-19-ზე სწრაფად ვრცელდება.

დამატებით, ტრანსმისია ავადობის პირველ 3-5 დღეს ან პოტენციური პრე-სიმპტომური ტრანსმისია (ვირუსის ტრანსმისია სიმპტომების გაჩენამდე) წარმოადგენს ძირითად მამოძრავებელ ფაქტორს გრიპის გავრცელებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 შესაძლებელია სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრეც გავრცელდეს დაავადებულიდან ჯანმრთელ ადამიანზე, ამჟამად, აღნიშნული თვისება არ არის მიჩნეული როგორც დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

რეპროდუქციის ციფრი / კონტაგიოზურობის ინდექსი (ერთი შემთხვევიდან რამდენი მეორადი შემთხვევის გამოწვევა არის შესაძლებელი) COVID-19-ის შემთხვევაში 2-დან 2.5-მდე მერყეობს, რაც გრიპთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, ორივე დაავადების შემთხვევაში შეფასება კონტექსტის და დროის ფაქტორის შესაბამისად უნდა მოხდეს, რაც ართულებს პირდაპირი შედარების შესაძლებლობას.

ბავშვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გრიპის საზოგადოებაში გასავრცელებლად. COVID-19-ის შემთხვევაში, ამჟამინდელ ცნობებზე დაყრდნობით, ბავშვებზე, ზრდასრულებთან შედარებით, დაავადება ნაკლებ ზეგავლენას ახდენს და კლინიკური დაზიანებადობის მაჩვენებელი დაბალია 0-19 ასაკობრივ ჯგუფში. ასევე, ჩინეთში ჩატარებული კვლევების წინასწარი მონაცემებით, ოჯახში დაავადების გავრცელება ხდება მოზრდილებიდან ბავშვებზე და არა პირიქით.

მაშინ, როდესაც ორი ვირუსული დაავადების მიერ გამოწვეული სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია, მძიმე ავადობის შემთხვევაში გარკვეული თავისებურებები მაინც არსებობს. COVID-19-ის შემთხვევაში, შემთხვევების 80% მსუბუქი ან ასიმპტომურია, 15% მძიმედ მიმდინარეობს და ოქსიგენოთერაპიას საჭიროებს, ხოლო 5% კრიტიკულად მძიმეა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია არის აუცილებელი. ეს ნაწილი, მძიმე და კრიტიკული შემთხვევების, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იქნება ვიდრე ეს შეიმჩნევა გრიპის შემთხვევაში.

გრიპით მძიმე ავადობის ყველაზე მაღალი რისკი არის ბავშვებში, ორსულებში, ხანდაზმულებში, თანმხლები დაავადებისა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში. COVID-19-ის შემთხვევაში, ხანდაზმული ასაკი და თანმხლები დაავადება ზრდის მძიმე ავადობის განვითარების რისკს.

COVID-19-ის ლეტალობა გრიპის ლეტალობაზე მაღალია, განსაკუთრებით სეზონურ გრიპთან შედარებით. COVID-19-ის ჭეშმარიტი სიკვდილიანობის დადგენას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ამჟამად არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სიკვდილობის უხეში მაჩვენებელი (ლეტალურად დასრულებული ანგარიშგებული შემთხვევები გაყოფილი სულ ანგარიშგებულ შემთხვევებზე) 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი (ლეტალურად დასრულებული ანგარიშგებული შემთხვევის რაოდენობა გაყოფილი ინფიცირებულთა რაოდენობაზე) სავარაუდოდ, უფრო დაბალი აღმოჩნდება. სეზონური გრიპის სიკვდილობა ჩვეულებრივ 0.1%-მდეა. ლეტალობა მეტწილად დამოკიდებულია ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობასა და მის ხარისხზე".

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. 7 მარტს „COVID-19“კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ოთხივე მათგანს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. მე–14 ინფიცირებულს მე–4 ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. მე–15 დაავადებული კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა.

15 ინფიცირებული პაციენტიდან 14 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 1 კი – საჩხერის კლინიკაში.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 40 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3,119–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,735 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 3800–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 108 000–ს გადააჭარბა. 63 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S