Accentnews.ge
"კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტს ამ დროისთვის სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება"

"კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტს ამ დროისთვის სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება"

09/03/2020 07:10:29 საზოგადოება

"ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტს ამ დროისთვის სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება" – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ინფიცირებული პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, ამ ეტაპზე რამე მნიშვნელოვანი პროგრესირება არ ვლინდება. დანარჩენ პაციენტებთან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გრძელდება მაღალი ცხელება, ორმხრივი პნევმონია, თუმცა მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენ პაციენტებში ყველასთან არის გამოვლენილი დაავადება სხვადასხვა კლინიკური სიმპტომით - ტემპერატურით, ხველით, სურდოთი, ყელის ტკივილით და სხვადასხვა ჩივილით. ამ პაციენტებიდან სამთან კომპიუტერული კვლევებით დადასტურებულია პნევმონია და მათთან დაწყებულია მკურნალობა, გრძელდება თითოეულის მონიტორინგი. მართალია, ამ ეტაპზე არც ერთ პირს არ ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, იმიტომ რომ ამ დაავადებას პროგრესირება ახასიათებს“, - აცხადებს ეზუგბაია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. 7 მარტს „COVID-19“კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ოთხივე მათგანს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. მე–14 ინფიცირებულს მე–4 ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. მე–15 დაავადებული კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა.

15 ინფიცირებული პაციენტიდან 14 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 1 კი – საჩხერის კლინიკაში.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 40 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3,119–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,735 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 3800–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 108 000–ს გადააჭარბა. 63 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S