ეროვნული ბანკის პრესსამსახური CIPS-ის დადებით მხარებზე საუბართან ერთად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჩინეთის გადახდების სისტემა რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმია და არა - საერთაშორისო საფინანსო ქსელის (SWIFT-ის) ჩამნაცვლებელი სისტემა - „CIPS სისტემით შესაძლებელია შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების გარეშე პირდაპირი ტრანზაქციები იუანით, რაც ამცირებს ხარჯებს გადახდის განხორციელების დროს“.
გუშინ, 17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტს, ფუ ჰუანგს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოუწია პრესსამსახურს დამატებითი ინფორმაციის გავრცელება.
„CIPS-ი ძირითადად ჩინური იუანით გადარიცხვებზეა ორიენტირებული, ხოლო SWIFT-ი მრავალ ვალუტას მოიცავს. შესაბამისად, CIPS-ს განვიხილავთ მხოლოდ როგორც გადახდების დამატებით საშუალებას, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმს და არა - SWIFT-ის ჩამნაცვლებელ სისტემას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება SWIFT - ის რომელიმე სისტემით, მათ შორის CIPS-ით ჩანაცვლებას, სრული დეზინფორმაციაა“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
უფრო ადრე, 8 ივლისს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი მწვავე რეზოლუცია დაამტკიცა. 490 ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციების გარდა, განიხილოს დამატებითი შემზღუდავი ნორმები, მათ შორის:
- SWIFT-იდან (უდიდესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების სისტემიდან) გათიშვა;
- „სექტორული სანქციები, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნების“ რეჟიმის შემოსავლის წყაროებისა და ნაკადების შეჩერებისკენ“.
რეზოლუციის მთავარი სათქმელია: „ქართული ოცნების“ „რეჟიმის“ ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება, ოპოზიციონერების პატიმრობის დაგმობა, სანქციების დაწესება, მზია ამაღლობელისა და სხვა „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა.