„კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა“
08/03/2020 17:07:10 საზოგადოება
„ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„კლინიკაში 12 ინფიცირებული გვყავს. მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე. მას აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება და უტარდება ყველა სამკურნალო ღონისძიებები. მას ჯერ არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და ჟანგბადის თერაპია, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს და ამისათვის მზად ვართ. კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა, ტემპერატურამ აიწია 38-მდე. ჯერ ბოლომდე არ გვაქვს დადასტურებული, მაგრამ სავარაუდოდ, მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია. 12-დან ორი ადამიანი არის შედარებით მძიმე. ამ ორიდან ერთი კიდევ შედარებით უფრო მძიმე. დანარჩენი 10 პაციენტიდან ერთი აბსოლუტურად უსიმპტომოა და ცხრას აქვს მინიმალური სიმპტომები – ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა და ა.შ.“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება მეცამეტე ინფიცირებულ პაციენტს, რომელიც საჩხერის კლინიკაშია მოთავსებული, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, იგეგმება თუ არა პაციენტის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა, ვინაიდან სავარაუდოდ, "ეს ძალიან მსუბუქი შემთხვევაა":
„დიდი ალბათობით ის არის მსუბუქი, ძალიან მსუბუქი შემთხვევა. ეს რომ ასე არ იყოს, აუცილებლად ან ჩვენთან გადმოიყვანდნენ, ან ჩვენ მიგვიწვევდნენ იქ. რადგან ასეთი არაფერი მომხდარა, შესაბამისად, ის არის ძალიან მსუბუქი შემთხვევა“.
მისივე თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 42 პაციენტია მოთავსებული. მათგან 17-ის ანალიზების პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) 13 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. 7 მარტს „COVID-19“კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ოთხივე მათგანს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 27 ადამიანი ემსხვერპლა და 44 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3102–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 650 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3550–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 105 000–ს გადააჭარბა. 59 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.


