"ველოდებით, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი 3 პაციენტის გამოჯანმრთელება დაახლოებით, 1 კვირაში დაიწყება"
08/03/2020 07:33:29 საზოგადოება
"ველოდებით, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პირველი 3 პაციენტის გამოჯანმრთელება დაახლოებით, ერთ კვირაში დაიწყება", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
“ანალიზებს ინფიცირებულებს სულ ვუღებთ, ყოველ სამ დღეში. ჯერ–ჯერობით ვირუსი არსად გამქრალა და არც იყო მოსალოდნელი. როგორც ითვლება, მსუბუქი შემთხვევების დროსაც გამოჯანმრთელება იწყება ორი კვირის შემდეგ. მათ ორი კვირა ჯერ არ გასვლიათ. ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება გამოჯანმრთელება", – განაცხადა ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) 13 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. 7 მარტს „COVID-19“კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ოთხივე მათგანს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 27 ადამიანი ემსხვერპლა და 44 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3102–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 650 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3550–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 105 000–ს გადააჭარბა. 59 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.


