„კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ჯერ მართვას ექვემდებარება“
08/03/2020 09:06:37 საზოგადოება
„კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ჯანმრთელობის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ჯერ–ჯერობით მართვას ექვემდებარება“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ამ ეტაპზე ჩემთან წევს 12 ინფიცირებული. პირველი სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია. მეოთხე პაციენტის – მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ცხელება ჯერჯერობით გრძელდება. რენდგონოლოგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე შეფასებული იქნა, როგორც მაინც ფილტვის ანთება და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა და დინამიკაში ცხელების გახანგრძლივების გამო ჩატარდა გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ აქ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა მართვას ექვემდებარება ჯერჯერობით, კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებით მასთან არის ცვლილებები, მაგრამ მათი კორეგირება ამ ეტაპზე შესაძლებელია და ჩვეულებრივ მას მკურნალობა უგრძელდება. დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობით ვლინდება. ამ ეტაპზე ჩემთან წევს 12 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) 13 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. 7 მარტს „COVID-19“კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ოთხივე მათგანს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 27 ადამიანი ემსხვერპლა და 44 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3102–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 650 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3550–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 105 000–ს გადააჭარბა. 59 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.


