საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან
08/03/2020 03:36:51 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან.
„ინფიცირებულებს ანალიზებს სულ ვუღებთ, ყოველ სამ დღეში. ჯერჯერობით, ვირუსი არსად გამქრალა და არც იყო მოსალოდნელი. როგორც ითვლება, მსუბუქი შემთხვევების დროსაც გამოჯანმრთელება ორი კვირის შემდეგ იწყება. ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება გამოჯანმრთელება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, მსოფლიოში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და მატება არის მოსალოდნელი საქართველოშიც.
„თვითონ ვირუსის ბუნებაში თუ არ მოხდა გარდატეხა, ბევრი ელოდება, რომ დათბობასთან ერთად ეპიდემია მილევადი გახდება, როგორც გრიპის შემთხვვევაში. ბუნებრივი ციკლების თვალსაზრისით, თუ ეს უმოკლეს დროში არ მოხდა და ჩვენ არ ვიცით, ამ ახალი კორონავირუსის ბუნება როგორია, ველოდებით მატებას, რადგან ჩინეთის გარეთ, მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება რაოდენობა. გამორიცხულია ტოტალიტარული ზომების, რაღაც იძულებითი ზომების გამოყენება ეპიდემიის შესაჩერებლად. ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, როგორც ევროპის ქვეყნებს შეეფერება. მოსალოდნელია მატება, მატება აუცილებლად იქნება, მაგრამ ამოცანაა, ინფიცირებულთა რაოდენობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს არ გადაცდეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული.


