საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი, მე-13 შემთხვევა დადასტურდა
07/03/2020 16:23:59 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა."შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში. ამჟამად კლინიკაში სულ 12 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან სამი არის პიროვნება, რომელიც კონტაქტში იყო იმ პირთან, ვინც იტალიაში დაინფიცირდა. ნიკა გამყრელიძეც ამ სამ პირთაგან ერთ-ერთია", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ TV პირველის ეთერში.
საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დღეს დადასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 50. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


