
ODIHR: სადამკვირვებლო მისიის არმოწვევა გადახვევაა საქართველოს ხანგრძლივი პრაქტიკიდან, დროული მომართვის შემთხვევაში მზად ვართ, გავგზავნოთ მისია
08/07/2025 07:18:00 პოლიტიკა
ეუთოს (OSCE) ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) აცხადებს, რომ საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ODIHR–ის "სადამკვირვებლო მისიის არმოწვევა გადახვევაა საქართველოს ხანგრძლივი პრაქტიკიდან".
როგორც ODIHR–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ მთავრობის დროული მიმართვის შემთხვევაში ODIHR კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს.
"ODIHR ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიღებული კანონმდებლობის გამო, რომელიც სულ უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. გარდა ამისა, ODIHR ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავების და სისხლისსამართლებრივი დევნის, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი დაპატიმრების გამო
ამასთან, ODIHR განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნავს ბოლო თვეების განმავლობაში ათობით მომიტინგის დაპატიმრებას და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაუცველობას. ODIHR განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს მათი ლეგიტიმური საქმიანობის შესრულების გამო ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე გაზრდილი ზეწოლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ბოლო კვირების განმავლობაში რვა წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს, რომელთა უმეტესობას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გასულ წელს ODIHR-მა საქართველოს ურჩია, გაეუქმებინა ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ კანონი" და გააფრთხილა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობა მათ საქმიანობას შეზღუდავდა. მიმდინარე წლის მარტში ODIHR-მა ასევე სერიოზული შეშფოთება გამოთქვა დემონსტრაციებისა და შეკრების სხვა ფორმების რეგულირებაში ბოლო დროს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გათვალისწინებული სანქციები ზედმეტად მკაცრია და შეუთავსებელია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.
ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებმა ერთობლივად აღიარეს, რომ „კანონის უზენაესობა უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების პატივისცემას, მათ შორის სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებას, ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას და თვითნებური დაპატიმრების ან დაკავების უფლების არარსებობის უფლებას“. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის აუცილებლობას. გარდა ამისა, სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ პატივი სცენ პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლებას და უზრუნველყონ „გარანტიები, რათა მათ შეძლონ ერთმანეთთან კონკურენცია თანაბარი მოპყრობის საფუძველზე“.
ODIHR სინანულს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს OSCE/ODIHR მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკიდან. ODIHR კვლავ მზადაა, გააგზავნოს სადამკვირვებლო მისია, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს დროულად გააგზავნოს მოწვევა, გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით", – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ODIHR–ის დირექტორი მარია თელალიანი აღნიშნავს, რომ "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ქვაკუთხედია".
იგი იმედოვნებს, რომ გაგრძელდება "თანამშრომლობა როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან".
„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიცონერი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი დაპატიმრებისა და გამამტყუნებელი განაჩენების გათვალისწინებით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ქვაკუთხედია. ODIHR კვლავ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული მმართველობისა და ყველასთვის ადამიანის უფლებების გაძლიერებას“, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა.
ცნობისთვის: 2025 წელი არის პირველი შემთხვევა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, როდესაც არჩევნებზე დასაკვირვებლად არ მოუწვევიათ OSCE/ODIHR სადამკვირვებლო მისია. OSCE/ODIHR–ის გარეშე ადგილობრივი არჩევნები 2014 წელს ჩატარდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ იმ წელსაც მოიწვია ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში „ფინანსური მიზეზების“ გამო ვერ გამოიგზავნა.