
დანიგანი დემოკრატიის აყვავებისთვის სამ არსებით ელემენტს ასახელებს: ელჩის სიტყვა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე
02/07/2025 22:00:00 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი რობინ დანიგანი დემოკრატიის აყვავებისთვის სამ არსებით ელემენტს ასახელებს. ამის შესახებ მან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე ისაუბრა.
ელჩის წინასწარ მომზადებული სიტყვას საელჩო ავრცელებს.
"მინისტრებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო — მოგესალმებით!
გმადლობთ, რომ დღეს აქ ხართ. მადლობა გორის გოგონათა გუნდს და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ბენდს შესანიშნავი შესრულებისთვის. დიდი მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებს იმისთვის, რასაც დღეს და ყოველდღე აკეთებთ.
დღეს აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 249-ე წლისთავს. ყოველ წელს, 4 ივლისს, ამერიკელები ვიკრიბებით, რათა აღვნიშნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის დრო, როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, რას ნიშნავს იყო ამერიკელი და რას ნიშნავს სარგებლობდე დემოკრატიის ფუნდამენტური თავისუფლებებით.
წელს, ვიდრე ოდესმე, ვცდილობ უფრო ღრმად გავიაზრო დემოკრატიის არსი. მჯერა, რომ ისტორიის ეს მომენტი მოითხოვს დემოკრატიის, ჩვენი თავისუფლებების და მომავალი თაობებისადმი ჩვენი ვალდებულების ღრმად გააზრებას. ვფიქრობ, დემოკრატიის აყვავებისთვის სამი არსებითი ელემენტია საჭირო — დაპირება, ვალდებულება და ოპტიმიზმი. მსურს, თითოეულ მათგანს მოკლედ შევეხო.
პირველი — დაპირება.
დაარსებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გრძელი გზა განვლო. გვქონდა გამოწვევები, რთული მომენტები, ასევე სიამაყით, სიხარულითა და გამარჯვებით აღსავსე დღეები. მაგრამ ამ ისტორიულ ტალღებში ერთ რამეს ყოველთვის ვუბრუნდებოდით: საერთო დაპირებას, რომელიც გვაერთიანებს — რომ როდესაც თავისუფალ ხალხს ეძლევა უფლება ისაუბროს, იმსჯელოს, ილოცოს და ხმა მისცეს, საერთო სიკეთე იმარჯვებს. დაპირება, რომ თითოეული თაობა გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, რათა უკეთესი მომავალი დავუტოვოთ ჩვენს შვილებს.
მჯერა, რომ ეს დაპირება ერთ-ერთი იმ მტკიცე კავშირია, რაც ამერიკელებსა და ქართველებს გვაერთიანებს. სწორედ ამიტომ, აშშ იყო და არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
ჩემი აქ ყოფნის დროს ვნახე ქართველების ძალისხმევა ამ დაპირების შესასრულებლად. ვიხილე რელიგიური თავისუფლება თბილისის გულში, ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების თანაარსებობა — ქართველი ხალხის მეგობრული სულისკვეთების მტკიცებულება.
მსმენია, რომ თითქოს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მხოლოდ სიტყვებია. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ არის — ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართველები და ამერიკელები ჭეშმარიტად იყვნენ პარტნიორები დემოკრატიის გზაზე.
შევხვდი ათასობით ქართველს — ფერმერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ექიმებს, ბიზნესმენებს — ვინც მითხრეს, როგორ შეცვალა მათ ცხოვრება ამერიკასთან პარტნიორობამ.
2008 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ამერიკა აქ იყო. როდესაც ტანკები უკან იხევდნენ, ამერიკელი ინჟინრები და ჰუმანიტარული დახმარება უკვე მოდიოდა — იმიტომ, რომ ასე იქცევიან მეგობრები.
ასევე შევხვდი ქართველ სამხედროებს, მეცნიერებსა და სამართალდამცველებს, რომლებიც თავიანთ ამერიკელ კოლეგებზე, როგორც ძმებზე და დებზე, ისე საუბრობენ. ვმუშაობთ ერთად, რათა ორივე ქვეყანამ გააძლიეროს დემოკრატია.
4 ივლისი ასევე არის დრო, როდესაც ვუფიქრდებით მსხვერპლს, რომელიც თავისუფლებისთვის იქნა გაღებული.
ეს არის დღე, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ თავისუფლება თავისთავად არ მოდის. დღეა, როცა ჩვენს ვალდებულებაზე ვფიქრობთ მომავალი თაობების წინაშე.
და ეს მაძლევს საშუალებას გადავალ შემდეგ პრინციპზე — ვალდებულებაზე.
თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედროებმა ეს ძალიან კარგად იციან. მადლობა მათ, ვინც მზად არიან გადაიხადონ უმაღლესი ფასი.
დღესაც, ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა — პოლიტიკურ ოპონენტებს ემუქრებათ პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა, ხოლო განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეები „რადიკალებად“ იწოდებიან.
როგორც ვიცეპრეზიდენტმა თქვა: „თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით.“
დემოკრატიის თავისუფლებები არ უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ მათ დაცვას. ჯონ კენედის სიტყვებით: „თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე.“
და ბოლოს — ოპტიმიზმი.
მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ, როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობა იზიარებს დემოკრატიის ღირებულებებს. ოპტიმიზმის წყაროა ისიც, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია — მათგან შთაგონებას ვიღებ.
მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის საელჩოს გუნდს და USAID-ის თანამშრომლებს, ასევე ჩვენს სპონსორებს, რომლებიც გვიჭერენ მხარს და იზიარებენ ჩვენი მეგობრობის მნიშვნელობას.
როგორც ბევრმა იცით, მე და ჩემმა მეუღლემ ჰარიმ, 33-წლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ, გადავწყვიტეთ კარიერის დასრულება და ამ თვის ბოლოს დავტოვებთ ამ საოცარ ქვეყანას.
საქართველოში ჩამოსვლის დღიდან თქვენ გაგვიღეთ თქვენი გულები და სახლები. დაგვაგრძნობინეთ, რომ ქართულ ოჯახს ვეკუთვნოდით. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები. ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება. არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიული მომავლის რწმენას.
დასასრულ, მსურს შემოგთავაზოთ სადღეგრძელო — გაუმარჯოს დემოკრატიის დაპირების ძალას, ჩვენს ვალდებულებას მის დასაცავად და ჩვენს ოპტიმიზმს, რომ წარმატებას მივაღწევთ.
დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა!", – განაცხდა აშშ–ის ელჩმა.