Accentnews.ge
„იანდექსი“ „აქცენტის“ მასალას ეხმიანება

„იანდექსი“ „აქცენტის“ მასალას ეხმიანება

06/03/2020 12:01:34 პოლიტიკა, საზოგადოება

5 მარტს „აქცენტის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მასალა - „საქართველოს პასუხი „იანდექს. ტაქსის“ საფრთხეს“. პუბლიკაციაში კომპანიის მიერ საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების რუსული სპეცსამსახურებისთვის მიწოდების შესაძლო საფრთხესა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე იყო საუბარი. მოგვიანებით ახალი ამბების სააგენტოს „იანდექსის“ საერთაშორისო პრეს-ოფიცერი ოლგა დემიანუკი დაუკავშირდა და კომპანიის სახელით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

Yandex.Taxi ზედმიწევნით იცავს ყოველი ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც მისი აპლიკაცია მუშაობს. ყველა ქვეყანაში, სადაც მუშაობს ჩვენი სერვისი, არსებობს კანონები და ნებისმიერი ორგანიზაცია ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოების მიერ ოფიციალური მომართვის საფუძველზე მიაწოდოს მათ კონკრეტული მომხმარებლების მონაცემები. ინფორმაციის მიწოდება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მომართვა გაფორმებული იქნება ოფიციალურად, წერილობითი სახით და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მათ შორის - ევროკავშირის სახელმწიფოებშიც Yandex.Taxi-ის აპლიკაცია იმართება ჰოლანდიური კომპანია Yandex.Taxi B.V.-ს მიერ, რომელიც მკაცრად იცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ნორმებსა და სტანდარტებს, მათ შორის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციას (GDPR). დაინტერესებულმა მხარემ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის გარეთ შესაძლებელია, გამოითხოვოს მხოლოდ ჰოლანდიაში Yandex.Taxi B.V.-სთვის ოფიციალური მიმართვის გზით, ისიც - მხოლოდ საერთაშორისო მექანიზმების და პროცედურების დაცვით, მაგალითად, ინტერპოლის ჩართვის საშუალებით. Yandex.Taxi წარმოადგენს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Yandex-ის შვილობილ ფირმას. Yandex დარეგისტრირებულია და მისი აქციები ივაჭრება ნიუ-იორკის NASDAQ-ის ბირჟაზე. ორი წლის წინ Yandex.Taxi-მ და ამერიკულმა კომპანია UBER-მა თავისი მგზავრების გადაყვანის ბიზნესები გააერთიანეს რუსეთის ფედერაციის და რამდენიმე სხვა ქვეყნის ბაზარზე; აღნიშნული შეთანხმება ასევე ვრცელდება საქართველოზეც. Yandex.Taxi-ს სერვისი მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სთავაზობს რა ადამიანებს ხელმისაწვდომ და მოსახერხებელ საშუალებას ტაქსით მგზავრობისთვის. რაც შეეხება მომხმარებლებისა და მძღოლების პერსონალურ მონაცემებს, მათი დაცვა არასანქცირებული შეღწევისაგან ან მესამე პირებისთვის არასანქცირებული გადაცემისგან წარმოადგენს Yandex.Taxi-ს უმთავრეს პრიორიტეტს“,- აცხადებენ „იანდექსში“.

მნიშვნელოვანი გარემოებები: როგორც რუსული დამოუკიდებელი ტელეარხი “დოჟდი” ადგილობრივ არასამთავორობო ორგანიზაცია “როსკომსვობოდაზე” დაყრდნობით იუწყება, “იანდექს ტაქსი” არ შედის იმ ტიპის ორგანიზაციებში, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლებისთვის პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ევალებათ.

როგორც „იანდექსი“ ირწმუნება, დაინტერესებულმა მხარემ შესაძლებელია, ინფორმაცია (მათ შორის პერსონალურიც) რუსეთის ფედერაციის გარეთ მხოლოდ ჰოლანდიაში Yandex.Taxi B.V.-სთვის ოფიციალური მიმართვის გზით გამოითხოვოს, ისიც - მხოლოდ საერთაშორისო მექანიზმების და პროცედურების დაცვით. თუმცა აქ არაფერია ნათქვამი იმაზე, მსგავსი გზის გამოყენება სჭირდება თუ არა თავად რუსეთს. მოწონებული განცხადებიდან კი რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთს მსგავსი საჭიროება არ აქვს.

კომპანიის ამგვარი პასუხი სიმშვიდეს არ ჰგვრის არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს“ ხელმძღვანელ გიორგი მოლოდინს, რომელიც პარტნიორებთან ერთად "იანდექსის" საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით კამპანიის დაწყებას გეგმავს.

„აქცენტთან“ საუბრისას მას რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს:

„ჩვენ ვსაუბრობთ კომპანიაზე, რომელმაც აღიარა, რომ ინფორმაციას საგამოძიებო უწყებებს აწვდის. რა მნიშვნელობა აქვს, სად არის რეგისტრირებული "იანდექსის" შვილობილი კომპანია (მისი დამფუძნებლები რუსეთის მოქალაქეებიც არიან), როდესაც თავად "იანდექსის" სათავო ოფისი მოსკოვში, ტოლსტოის ქუჩაზეა განთავსებული (კრემლიდან 15 წუთის სავალ მანძილზე)?! "იანდექსის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი არკადი ვოლოჟი რუსი ოლიგარქების იმ სიაში მოხვდა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ "პუტინის ოლიგარქებად" მიიჩნია და სანქციების დაუწესა. ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოზე, სადაც ძალოვანი სამსახურების აქტიური კონტროლის ქვეშ ან/და მთლიანად მათ მიერ იმართება ყველა მსხვილი და ანგარიშგასაწევი ბიზნესი; სახელმწიფოზე, რომელიც წლების განმავლოვაში ნადირობს საკუთარ (და არა მარტო) მოქალაქეებზე და მათ ევროპის ტერიტორიაზე ხოცავს. ამ მიზნით ისინი ყველა გზითა და ფორმით მოიპოვებენ ინფორმაციას. საღ აზრს მოკლებულია იმაზე საუბარი, რომ არკადი ვოლოჟის კომპანია უარს ეტყვის პუტინის ძალოვან უწყებას, მაგალითად, ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ქართველის გადაადგილების მარშრუტს შეეხება."

ცნობისთვის: ჯერ კიდევ 2018 წელს, როცა “იანდექს ტაქსიმ” ლიეტუვაში ოპერირება დაიწყო, ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მომხმარებლებს მოუწოდა, არ გამოიყენონ “იანდექს ტაქსის” აპლიკაცია, რადგან არსებობს კომპანიის მიერ მომხმარებელთა მონაცემების უკანონოდ შეგროვების საფრთხე. ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ ლიეტუვას ხელისუფლების მკაფიო რეკომენდაცია იყო, “იანდექს ტაქსის” აპლიკაცია არ გამოეყენებინათ, განსაკუთრებით - სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე მოქალაქეებს.

ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურმა ასევე გააფრთხილა მოქალაქეები, რომ “იანდექს ტაქსის” აპლიკაციით შეგროვებული ინფორმაცია რუსულ სერვერებზე მოხვდება, რუსეთზე კი არ ვრცელდება ევროკავშირის სტანდარტები პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე.

“იანდექს ტაქსის” ოპერაციების შესწავლის მიზნით მოკვლევის დაწყების შესახებ განაცხადა სერბეთის ინფორმაციისა და პერსონალურ მონაცემთა კომისარმაც.

“იანდექს ტაქსიმ” ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მონაცემთა დაცვის მისეული სტანდარტი ევოკავშირის რეგულაციებს შეესაბამება.

მიმდინდარე წლის 3 მარტს ლატვიამ განაცხადა, რომ “იანდექს ტაქსის” სერვისი, ქვეყნის ავტოტრანსპორტის დირექციის გადაწყვეტილებით, დაიბლოკება იმის გამო, რომ კომპანიას აუცილებელი რეგისტრაცია არ გააჩნია. ითქვა ასევე, რომ სერვისს დარეგისტრირების შემდეგ ბლოკირება მოეხსნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S