გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ 21–ივე პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
06/03/2020 09:32:04 საზოგადოება
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ 21–ივე პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
„ჩვენი საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში ამ დროისთის 21 პაციენტია მოთავსებულია. ჩატარებული ანალიზების პასუხები უარყოფითია, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არც ერთ პირზე არ დადასტურდა“, - განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა დავით ბარლიანმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე 1 მარტიდან მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ საჩხერის საკარანტინო სივრცეში მყოფმა მოქალაქეებმა კარანტინი დღეს დაასრულეს. საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან სამშობლოში 22 თებერვალს დაბრუნდა. ისინი ორკვირიანი კარანტინის გავლის მიზნით საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იმყოფებოდნენ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 30 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3042–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 552 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3,383 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 97 000–ს გადააჭარბა. 55 600–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.


