
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებით სამ "საკონსულოს" გახსნის
09/06/2025 13:13:00
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებით სამ ე.წ. საკონსულო დაწესებულებას გახსნის.
ამის შესახებ გამოცემა „ტასს“ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მისივე ცნობით, აღნიშნული განპირობებულია "რუსული პასპორტის მიღების მსურველთა რაოდენობის მოსალოდნელი ზრდით".
"ერთი ახალი პუნქტი სოხუმში გაიხსნება, მეორე - გაგრაში, ხოლო მესამე, სავარაუდოდ, ოჩამჩირეში. ეს გადაწყვეტილება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ 2022 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლას უკავშირდება. ეს რესპუბლიკის მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტის მიღების პროცესის გამარტივებას გულისხმობს" - წერს გამოცემა.
ცნობისთის: 17 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოქალაქეებს რუსული პასპორტების მიღება საგრძნობლად გაუმარტივდებათ.
ბრძანება საფუძვლად ეყრდნობა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს, რომელიც ბოლო კვირებში რატიფიცირდა როგორც რუსეთის სახელმწიფო დუმის, ისე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. პარლამენტების მიერ.
ახალი წესების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ 18 წელს მიღწეულ პირებს შეუძლიათ მოითხოვონ რუსეთის მოქალაქეობა სამი ძირითადი მოთხოვნის შესრულების გარეშე: მათ არ დასჭირდებათ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრების ნებართვა; შეუძლიათ პასპორტის მიღება რუსეთის ტერიტორიაზე ჩასვლის გარეშე; არ მოეთხოვებათ რუსული ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა.