ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან მომატებული ტემპერატურა მხოლოდ ერთს აღენიშნება
05/03/2020 20:02:47 საზოგადოება
ახალი კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ხუთი ახალი პაციენტიდან ამ დროისთვის მხოლოდ ერთს აღენიშნება მომატებული ტემპერატურა და მსუბუქი ყელის ტკივილი, ხოლო დანარჩენებს ჩივილები არ აქვთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„დაახლოებით ერთი საათის წინ ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს ხუთი პაციენტი: ერთი ქალი, ორი ვაჟი, ასევე ორი საშუალო ასაკის პიროვნება, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ახალი კორონავირუსის ინფექცია. ყველანი იტალიაში დაახლოებით ერთი კვირით. იყვნენ და თბილისში პირველ მარტს ჩამოვიდნენ. ჩამოსვლისას რაიმე სიმპტომატიკა ან ტემპერატურა არც ერთ მათგანს არ აღენიშნებოდა, ამიტომ წავიდნენ სახლებში, თვითიზოლაციაში. შემდგომში, ვინაიდან ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში და რამდენიმე დღე ერთად გაატარეს, გუშინ ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, ეს ხუთი ადამიანი, როგორც კონტაქტურები, გამოიკვლიეს და მათაც დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსის ინფექცია. ახლა ამ ხუთი პირიდან მხოლოდ ერთს აღენიშნება ტემპერატურა 37.3 და მსუბუქი ყელის ტკივილი, ხოლო დანარჩენებს ჩივილები არ აქვთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის: საქართველოში დღეს კორონავირუსი კიდევ ხუთ პაციენტს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტია.


