„კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა“
05/03/2020 18:00:05 საზოგადოება
„კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"44 წლის მამაკაცთან დაკავშირებული ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა. მათგან აღებული იყო ნიმუშები და გადაგზავნილი შესამოწმებლად. აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ერთი ე.წ. კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ოჯახური შემთხვევები, ერთი ჯგუფი ადამიანების, ვინც იყო ერთად სამოგზაუროდ იტალიაში და კვირას ერთად დაბრუნდნენ საქართველოში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არ არიან.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, უკვე გამოიკვლიეს 44 წლის მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 25 პირი. 5 ახლადინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება ეხლა მიმდინარეობს.
ცნობისთვის: ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა დღეს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში კვირას ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.


