ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი გაურკვეველი დროით იხურება
05/03/2020 12:14:04 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსის გამო („COVID-19“) ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი გაურკვეველი დროით იხურება, – იუწყება ბრიტანული მედია პალესტინის ტურიზმის სამინისტროს პრეს–სპიკერ იერეს ქუმსიეჰზე დაყრდნობით.
„დღეს ტაძარში დეზინფექცია ჩატარდება და შემდეგ დაიხურება. მოგვიანებით შეგატყობინეთ, როდის გაიხსნება იგი“, – განაცხადა ქუმსიეჰმა.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის ბეთლემში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 საეჭვო შემთხვევა ფიქსირდება.
ცნობისთვის: მსოფლიოში „COVID-19“–ის გავრცელების გამო ირანმა პარასკევის ლოცვა დროებით გააუქმა. „COVID-19“–ით გარდაცვალების შემთხვევები ჩინეთში მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 31 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3012–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,413 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3220 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 92 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 52 000–ზე მეტი პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140–ზე მეტი ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.


