"თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, იყოს იზოლაციაში, მოერიდონ მას"
05/03/2020 08:36:34 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ოჯახის წევრებს, დამსაქმებლებსა და ყველა შემხებლობაში მყოფ პირს მოუწოდებს, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ ადამიანებთან კონტაქტისგან თავი შეიკავონ.
"ამ ქვეყნიდან კორონავირუსის გავრცელების მომეტებული საფრთხე კვლავ არსებობს. არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში, მაგრამ, თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყოს, მოვუწოდებ მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, თავად მოერიდონ ასეთ პირს", - განაცხადა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე პაატა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140–ზე მეტი ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.
ცნობისთვის: „COVID-19“–ით გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 31 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3012–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,413 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3220 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 92 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 52 000–ზე მეტი პაციენტი.


