02-05-2025 16:04:40 ევროპა
1 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო ვაშინგტონში აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, მარკო რუბიოსა და კონგრესმენებს შეხვდა.
შეხვედრებზე რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შენარჩუნების გზები, მათ შორის დამატებითი სანქციები, და ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობის საკითხი იყო განხილული.
მისი თქმით, აშშ და ევროკავშირი იზიარებენ "საერთო ხედვას" ომის დასრულების კუთხით, მათ შორის უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რადგან სამართლიანი მშვიდობის დამყარების ალტერნატივა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის "ძალის სამართლით" ჩანაცვლებაა.
"პრეზიდენტი ტრამპისგან, ასევე აშშ-ის სხვა ოფიციალური პირებისგან, ხშირად მსმენია, რომ სურთ ეს მშვიდობა იყოს გრძელვადიანი. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტია" - თქვა ბარომ Atlantic Councle-ში სიტყვით გამოსვლისას.
მისი აზრით, თუ უკრაინა კაპიტულაციის მსგავს პოზიციაში აღმოჩნდება, მას შემდეგ, რაც ბირთვული იარაღის გადაცემის სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდა, ეს მსოფლიოსთვის იქნება სიგნალი, რომ ერთადერთი რეალური უსაფრთხოების გარანტია ბირთვული იარაღის ფლობაა.
მან აღნიშნა, რომ აშშ ესმის ევროპის პოზიცია მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით, რომ ევროპის უსაფრთხოება დევს სასწორზე, რადგან "ჩვენ ვართ რუსეთის მეზობლები".
"უბრალოდ არ გვინდა ვიყოთ ამგვარი რუსეთის მეზობლები - რომელიც ახლა თავისი ბიუჯეტის 40 პროცენტს ხარჯავს სამხედრო დანახარჯებზე - მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტს. რომელმაც ახლახან 160,000 დამატებითი ჯარისკაცი გაიწვია, რაც ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში უმსხვილესი გაწვევაა. [...]
რუსების მხრიდან ხშირად მომისმენია, რომ NATO თავის საზღვრებთან არ სურთ. არც ჩვენ გვინდა, რომ ასეთი რუსეთი ჩვენს საზღვრებთან იყოს. სწორედ ამიტომ ვართ ასეთი სერიოზულები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და იმასთან დაკავშირებით თუ, როგორ დასრულდება ეს ომი. [უკრაინის] უსაფრთხოების გარანტიებს სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას. ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი გასაგები იყო" - თქვა ბარომ.