"კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის ყველა შესაბამის ღონისძიებას ვატარებთ“
04/03/2020 07:48:43 საზოგადოება
თბილისის მერია ახალი ტიპის კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებს. ამის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში უკვე ჩაატარა. ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი ანალოგიური ხსნარებით იქნება დამუშავებული. ამასთან, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებსა და მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული. გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს როგორც ჯანდაცვის სამინისტოსთან, ასევე ყველა იმ უწყებასთან, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საბჭოში შედის. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 38 ადამიანი ემსხვერპლა და 119 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,981–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,270 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა, ირანში – 77, ხოლო სამხრეთ კორეაში – 31.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 48 000–ზე მეტი პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120–ზე მეტი ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.


