არსებობს თუ არა განგაშის საფუძველი საერთო კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით
03/03/2020 18:00:21 საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, თეოლოგებსა და ინფექციონისტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა განგაშის საფუძველი საერთო კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით.
საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსი გავრცელდა.
მღვდელმონაზონი ანდრია სარია მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში მრევლმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, წავიდეს თუ არა ეკლესიაში.
„წავიდეს თუ არა ადამიანი ეკლესიაში - მისი გადასაწყვეტია. მოდით, კითხვა დავსვათ ასე: უნდა გამოვიდეს თუ არა ადამიანი ქუჩაში? თუ ვამბობთ, რომ ქუჩაში არ უნდა გამოვიდეს, მაშინ ეკლესიაშიც არ მივიდეს. თუ ვამბობთ, რომ ქუჩაში და თავშეყრის ადგილებში გამოდით, მაშინ ტაძარშიც მივიდეს, რა პრობლემაა?“, – განაცხადა მამა ანდრიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას.
იგი ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ "ღვინო, რომლითაც ვეზიარებით, ანტისეპტიკია". მამა ანდრიას შეფასებით, ეს საეკლესიო დარღვევაა:
„ზოგიერთი მღვდელმთავარი ზიარებას უწოდებს „ანტისეპტიკს“. ამაზე დიდი უბედურება დღევანდელ ეკლესიაში მე რა უნდა შევამჩნიო, ან რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი? ან როდესაც ამბობენ, ცხენი დაფრინავსო... არის კონკრეტული რაღაც საკითხები და ჩვენ შეიძლება, კრიტიკას გვერდი ავუქციოთ, რადგან შეიძლება, პიროვნულად ვიღაცების პატივისცემა გვქონდეს, მაგრამ ზიარებას უწოდო „ანტისეპტიკი“ - ეს არის საეკლესიო დარღვევა. ამ განცხადების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულმა ადამიანებმა რომ იფიქრონ, საერთოდ ანტისპტიკია ზიარება და მივარდნენ იმ რწმენით, რომ ვირუსისგან განიკურნებიან, წარმოიდგინეთ, რა მოხდება“.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი აღნიშნავს, რომ ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც „ზიარების გამო ვინმე დაშავებულიყო ან გარდაცვლილიყო“.
„მსოფლიოში შავი ჭირი ყოფილა, ქოლერა ყოფილა და ეკლესიას მისი ისტორიის მანძილზე არ ახსოვს პრეცედენტი, რომ ზიარებიდან ვინმე დაშავდა ან გარდაიცვალა. მე არაფერი მიკვირს, დღევანდელი სამყარო ისე არის, რომ ვერ ნახავთ ერთ საკითხსაც კი, სადაც აზრი ორად და ხუთად არ იყოფა. მე ერთადერთი ის მიკვირს, რომ ჩვენ ყველანი შეთანხმებული ვართ ერთ რამეში: მდინარეს რაც ჰქვია სათავეში, ის რომ ჰქვია ბოლომდე. ხანდახან მეჩვენება ხოლმე, როცა ეკლესიას მიადგება საკითხი, ყველა წაკრავს რაღაცა კბილს, მთლად პირდაპირ ვერა, მაგრამ ირიბად მაინც, თითქოს რაღაც ნეგატივი უნდა შემოუშვას, რომელიც მრევლსა და ხალხს შორის სიტუაციას დაძაბავს. თუ ეკლესია დაინახავს საფრთხეს, მას ჰყავს კომპეტენტური პიროვნებები და ისინი ყველას გარეშე მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა ქნან და როგორ. ჩვენ რწმენა გვაქვს არა იმიტომ, რომ ცოდნა გვაქვს, არამედ, პირიქით, ცოდნა გვაქვს იმიტომ, რომ რწმენა გვაქვს, ვისაც რწმენა აქვს, ის თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას, ეზიაროს თუ არა. მე ვერ ვხვდები, რა არის ეს ჩარევები დაბრკოლება უნდათ ადამიანების, თუ ეკლესიის გაქილიკების კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცათ“, – განაცხადა მეუფე ანტონმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, ეკლესია ტაძრების დეზინფექციაზე უარს არ ამბობს. მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში „განსაკუთრებული განგაში არ გვაქვს“.
კითხვაზე რატომ დადგა დღეს ერთი კოვზით ზიარების საკითხი, მეუფემ შემდეგი პასუხი გასცა:
„შეიძლება რწმენის ნაკლებობაა, ან შეიძლება, ადრე არ შუქდებოდა ასე ინფორმაცია, ეხლა უთოც რომ ჩართო, ისიც კორონავირუსზე ისაუბრებს“.
თეოლოგი ლევან აბაშიძე საკითხს გაზვიადებულად მიიჩნევს და ამაში ჟურნალისტებსაც ადანაშაულებს.
„ეს თემა უფრო გაზვიადებულია. ზიარების წესის შეცვლის საკითხი კიდეც რომ დადგეს, ეს არ არის რწმენის საკითხი. ჩვენ ერთნი ვართ რწმენაში, მაგალითად, მრწამსში რაც წერია, იმას ვერ შევცვლით, მაგრამ რიტუალის საქმე არ არის რწმენის საქმე. ჩემი აზრით, წესის შეცვლა შესაძლებელია და ეს არ არის რწმენის საკითხი. მაგრამ ახლა რომ ეს წესი შევცვალოთ, შეიძლება, ამან ძალიან ბევრში გამოიწვიოს ძალიან დიდი გაუგებრობა“.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ ჯერ–ჯერობით საქართველოში ის ვითარება არ არის, რომ მასიურად ყველაფერი დაიკეტოს.
„ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევად დაიწყო მსჯელობა ეკლესიასთან დაკავშირებით, რადგან ეს ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ და თუ დადგება ის დრო, როცა ქვეყნის შიგნით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი აღმავლობა გვექნება, მაშინ ყველა უნდა დაემორჩილოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. [...] თუ ზოგადად ჩემი აზრი გაინტერესებთ ზიარებასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ საერთოდ არ მიმაჩნია არავის დაკნინებად და მრევლის შეურაცხყოფად, თუ ზიარება ერთჯერადი კოვზებით იქნება“.
ცნობისთვის: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ ეტაპზე ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.
„ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ 29 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.


