კორონავირუსის გამო ახალგორის ოკუპირებულ რაიონში დაგეგმილი სარვამარტო ღონისძიებები გააუქმეს
03/03/2020 15:44:17 საზოგადოება
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, რომელიც ახალგორის ოკუპირებულ რაიონში იყო დაგეგმილი, კორონავირუსის გამო გაუქმდა.
ამის შესახებ ოს ჟურნალისტებს დე ფაქტო რაიონლი ადმინისტრაციის კულტურის განყოფილების გამგემ ბესარიონ ბითაროვმა განუცხადა.
«კულტურის სამინისტროსგან ბრძანებულება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ მეზობელ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო მასობრივი ღონისძიებებისგან დროებით თავი შევიკავოთ», - განაცხადა ბითაროვმა.
ცნობისთვის: 7 და 8 მარტისთვის წინაგარსა და ახალგორში რიგი საზეიმო ღონისძიებები იყო დაგეგმილი.
• ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დე ფაქტო ხელისუფლებამ 60 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა დროებით აკრძალა, მანამდე კი, 27 თებერვალს ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ყველა გადასასვლელი ჩაკეტა.
• კიდევ რამდენიმე დღით ადრე დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ რაიონში დაბრუნების მსურველი ახალგორელებისთვის “რაზდახანის” (ოსური სახელწოდება) გამტარ პუნქტს დროებით გახსნიდა, თუმცა ყველა შემსვლელი 14-დღიანი ვადით საკარანტინო რეჟიმში მოთავსდებოდა.
• ამასთან, სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ადამიანები გამტარ პუნქტებზე უკვე გადაატარეს, თუმცა კარანტინი დაცული არ არის.


