ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე დღეს გამოკვლეული 23-ივე ნიმუშის პასუხი უარყოფითია
03/03/2020 13:27:43 საზოგადოება
თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ახალი ტიპის კორონავირუსზე ( „COVID-19“) დღეს გამოკვლეული 23-ივე ნიმუშის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოებიდან სულ 23 ნიმუში იყო შესული გამოსაკვლევად. ყველა მათგანი გახლავთ უარყოფითი. ამჟამად ლაბორატორიაში დამატებით 6 ნიმუშია შესული და კვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.
ჩინეთში „COVID-19“–ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 170-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.


