"16 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები კორონავირუსის რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნებიან"
03/03/2020 08:30:22 საზოგადოება
ქართველ მეან-გინეკოლოგ პაატა ჟორჟოლიანის განცხადებით, 16 წლამდე ასეკის ბავშვები და ორსულები ახალი ტიპის კორონავირუსის ("COVID 19") რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.
"ბავშვების დაინფიცირების შემთხვევები ძალიან ცოტაა. უფრო მეტად ამ ჯგუფში მოყვნენ 50-დან 60 წლამდე და 16-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანები. ინფორმაცია, რომ ორსულების მიმღებლობა ამ ვირუსთან დაკავშირებით მაღალია, არ არსებობს", - განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს.
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 150-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.


