კორონავირუსის ეჭვით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აეროპორტის თანამშრომელი და მესაზღვრე მოათავსეს
03/03/2020 07:40:14 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) ეჭვით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აეროპორტის თანამშრომელი და მესაზღვრე მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, მათ შეხება ჰქონდათ მოქალაქესთან, რომელსაც „COVID-19“ დაუდასტურდა.
„კლინიკაში 5 პაციენტი რჩება, მათგან ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. დანარჩენი 4 პირის ანალიზების პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აცხადებენ საავადმყოფოში.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“ სამ მოქალაქეს დაუდგინდა, საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს.
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 150-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.


