Accentnews.ge
რა მდგომარეობაა საქართველოში პირბადეებისა და ანტისეპტიკური საშუალებების მარაგისა და ფასების კუთხით

რა მდგომარეობაა საქართველოში პირბადეებისა და ანტისეპტიკური საშუალებების მარაგისა და ფასების კუთხით

02/03/2020 14:27:08 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო პანდემიისთვის მზადების გამოცხადების ფონზე ქვეყანაში პირბადეებისა და ანტისეპტიკური საშუალებები კვლავ დეფიციტშია.

ვინაიდან საუბარია სადღეისოდ საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო პროდუქტზე, „აქცენტი“ შეეცადა, გაერკვია, რა სახის მარაგებია დარჩენილი სააფთიაქო ქსელების საცავებში, როგორი ტემპით მარაგდება აფთიაქები და რა გეგმა აქვთ ქვეყანაში მოქმედ მსხვილ სააფთიაქო ქსელებს.

ირკვევა, რომ აფთიაქების ნაწილში მარაგი უკვე სრულად ამოიწურა, ნაწილს კი შეზღუდული რაოდენობით აქვს, თუმცა ამ პროდუქციის იმპორტის საშუალებით შევსება პრობლემად რჩება: ძირითადი მომწოდებელი ჩინეთი იყო, მანს კიპირბადეების ექსპორტი აეკრძალა.

სააფთიაქო ქსელები ალტერნატიული მომწოდებლების მოძიებას ცდილობენ, თუმცა არის მოლოდინი, რომ ეს ფასებზეც იმოქმედებს.

რაც შეეხება შესყიდვის ოპტიმალურ დროს, სჯობს, აფთიაქებს დღის პირველ ნახევარში მიაკითხოთ.

როგორც „აქცენტს“ PSP-ში განუცხადეს, ვინაიდან ვირუსებისგან თავის დაცვის საშუალება ანტისეპტიკური საშუალებები უფროა, ვიდრე პირბადეები, კომპანიამ აქცენტი ანტისეპტიკურ გელებზე გააკეთა, 28 თებერვალს ესპანეთიდან გარკვეული რაოდენობაც შემოიტანეს, თუმცა ამ დროისთვის მარაგი სრულად არის ამოყიდული.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფრენები გართულებულია, რაც პარტიის იმპორტს ართულებს, მაგრამ სააფთიაქო ქსელი ახალი მარაგის შემოსვლის ყოველდღიურ მოლოდინშია და არც ფასების მატებას გეგმავს.

რაც შეეხება პირბადეს, PSP-ში სადღეისოდ მარაგი ამოწურულია და კომპანია იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

პირბადეების შეზღუდული რაოდენობაა "GPC"-შიც. ამ ეტაპზე კომპანია აფთიაქებს ლიმიტირებული რაოდენობით, თუმცა მაინც ყველდღიურ რეჟიმში ამარაგებს.

„ახალ პარტიას თურქეთიდან ველოდებით. წესით, მალე უნდა შემოვიდეს. მთავარია, საბაჟოზე არ შეიქმნას რაიმე სახის პრობლემა. რაც შეეხება ფასს, ზუსტად ვერ გიპასუხებთ, რადგან მომწოდებლის ფასზეა დამოკიდებული. ამჟამად პირბადე ჩვენს ქსელში 20 თეთრი ღირს და შესაძლოა, იგივე ფასი არ იყოს“,- განუცხადეს „აქცენტს“ კომპანიაში.

რაც შეეხება ანტისეპტიკურ საშუალებებს, "GPC"-ში ვარაუდობენ, რომ კომპანიის მარაგი მომხმარებლების მოთხოვნას მარტის ბოლომდე დააკმაყოფილებს.

„ავერსი ფარმა“-ში აცხადებენ, რომ აფთიაქების ანტისეპტიკური საშუალებებით მომარაგება ამ ეტაპზე ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. იგივე ეხება პირბადეებსაც, თუმცა ვინაიდან კომპანიას პირბადეები შეზღუდული რაოდენობით აქვს, გასცა რეკომენდაცია, ერთ პირზე მაქსიმუმ, ხუთი პირბადე გაიცეს.

„პირველივე დღიდან, როდესაც ჩინეთმა უარი თქვა მოწოდებაზე, ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის მომწოდებლებს დავუკავშირდით, თუმცა იმპორტი დიდ პრობლემას წარმოადგენს - შემოთავაზებული ფასები უაღრესად მაღალია. მაგალითად, უცხოეთში უნდა შევიძინოთ 30-35 ცენტად, შესაბამისად, მისი სარეალიზაციო ფასიც მაღალი იქნება. დღესაც ჩვენს აფთიაქში პირბადე 18 თეთრი ღირს. ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა - „ავერსი“ არაა კომპანია, რომელიც შექმნილი ვითარებით ისარგებლებს. ვაგრძელებთ ძიების პროცესს, ყველა ქვეყანასთან გვაქვს კომუნიკაცია, რომ შევძლოთ პირბადეების მოქალაქეებისთვის მისაღებ ფასში შემოტანა და მიწოდება“ - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის სულ სამი შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) დაღუპულთა რაოდენობამ 3 053–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 45 130-ს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 42 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 368- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 912 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 90-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 89 000–ს გადააჭარბა.

იხილეთ ასევე: დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S