საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება
02/03/2020 13:29:00 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პრევენციისთვის პირველ ეტაპზე მილიონი ლარი დაიხარჯება. მთავრობის განკარგულების მიხედვით, თანხა სარეზერვო ფონდიდან ჯანდაცვის სამინისტროს გამოეყო.
ამ თანხიდან 492 462 ლარი სახმელეთო საზღვრებსა და აეროპორტებში კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო მოწყობილობებს მოხმარდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა. დღეს ლუგარის სახელობის კვლევით ლაბორატორიაში 14 პირის ანალიზები გადაიგზავნა და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა რეკომენდაციები და მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდა.


