Accentnews.ge
„ავერსი“ ცერცვაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

„ავერსი“ ცერცვაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

02/03/2020 10:47:35 საზოგადოება

„ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია ცერცვაძის განცხადებაზე, რომ „ავერსი“ ინფექციურის ადმინისტრაციას არ აძლევს რემონტის წარმოების უფლებას იმ შენობებში, რომელიც 2012 წლიდან კომპანიის საკუთრებაა, თუმცა სადღეისოდ იქ ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებს.

„ბატონი ცერცვაძის მიერ გაჟღერდა სიცრუე, თითქოს „ავერსი“ რემონტის ჩატარების უფლებას არ აძლევთ: როდესაც მათ ორი წლის წინ მოგვმართეს, ფართები მათი შეხედულებით გავარემონტებინეთ, მათ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვით და სახსრებით. ბუნებრივია, არანაირი ხელშეშლა არ ყოფილა. თუმცა მაშინ არსებობდა იჯარის ხელშეკრულება, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან - არანაირი იჯარის ხელშეკრულება აღარ არსებობს. ბატონმა ცერცვაძემ კარგად იცის, რომ იჯარის ხელშეკრულება დასრულდა. მათ არაერთხელ მოვთხოვეთ ფართის დაცლა, თუმცა აპელირებენ იმაზე, რომ არსად აქვთ წასასვლელი და ეს კერძო კომპანიის პრობლემა ვერ იქნება. მიუხედავად ამისა, ფუნქციონირებენ იმ სახით, როგორც ფუნქციონირებენ“,- აცხადებს „აქცენტთან“ საუბრიას „ავერსი ფარმას“ გენდირექტორი.

მისივე თქმით, კომპანიამ როგორც ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციას, ისე ჯანდაცვის სამინისტროს (რომლის ვალდებულებაც იყო ინფექციური საავადმყოფოს შესაბამისი ფართით უზრუნველყოფა), გასული წლის იანვარში ორჯერ შესთავაზა იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია:

„მოგეხსენებათ, მათ 7 000 კვ.მ აქვთ დაკავებული, რომელიც 2012 წლიდან ჩვენი საკუთრებაა, თუმცა ვერ ვიყენებთ. მზად ვიყავით იჯარის ხელშეკრულების გონივრული ვადით გაგრძელებაზე. ვითხოვდით ერთი შენობის დაცლას, რომელიც ბიზნეს-საქმიანობის განსახორციელებლად გვესაჭიროებოდა. არ იზრდებოდა იჯარის საფასური, რომელიც 1 კვ.მ-ზე დღგ-ის ჩათვლით 5 ლარს შეადგენს. სამწუხაროდ, ამ წერილებზე პასუხი არ მიგვიღია, მათ შორის - არც ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომელიც ვალდებული იყო, აეშენებინა ფართი, ან სხვა გაერომონტებინა ინფექციურისთვის. ფაქტია, რომ კერძო საკუთრებაში არსებული ქონება უკანონოდ არის დაკავებული, არ იხდიან თანხას, ჩვენთვის უცნობია იჯარის გაფორმების საკითხი, უცნობია, როდის მოხდება ფართის დაცლა“.

კითხვაზე, "ცვლის თუ არა რამეს ის გარემოება, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი საქართველოსთვისაც გამოწვევად იქცა და ამ პროცესში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ინფექციურ საავადმყოფოს?", მან აღნიშნა, რომ „ავერსი ფარმას“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია და მზადაა მოლაპარაკებების წარმოებისთვის, თუმცა კომპანიასთან კომუნიკაცია ამ დროისთვის არ ყოფილა".

"აქცენტი" კომენტარისთვის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალურად თემაზე ხვალ ისაუბრებენ.

ცნობისთვის: საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორია, სადაც ამჟამად ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებს, 2012 წლიდან გასხვისებულია. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, საავადმყოფოს ფუნქციონირება სხვა ტერიტორიაზე უზრუნველეყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინფექციებთან ბრძოლა არაერთხელ გამოცხადდა ჯანდაცვის სფეროს მთავარ მიმართულებად, საავადმყოფოს მშენებლობა ჯერაც არაა დაწყებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S