კორონავირუსთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში იტალიის ელჩი მიიწვიეს
01/03/2020 09:40:24 საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს იტალიაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა.
ელჩის განცხადებით, იტალიის ექვს რეგიონში და 11 მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. იტალიელმა დიპლომატმა ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია, რა ღონისძიებებს მიმართავს იტალიის მთავრობა ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის, მათ შორის იმ აკრძალვებსა თუ შეზღუდვებზე, რაც დაწესებულია მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის მართვის, საჰაერო მიმოსვლის, სადეზინფექციო, დაავადების დიაგნოსტიკის, შიდა მიმოსვლის, სწავლის პროცესის შეჩერება/გადადების, სახელმწიფო უწყებების მართვის კუთხით და ა.შ.
მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს იტალიის მიმართულებით ცალკეული ქვეყნებისა და ავიაკომპანიების მხრიდან მგზავრობისა და ფრენების შეჩერების საკითხზე და აღნიშნულის გათვალისწინებით იტალიის მთავრობის სამოქმედო გეგმაზე.
მინისტრის მოადგილის მხრიდან ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ რეგულაციებზე და ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით.
მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების სიხშირის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად აქტიურად განაგრძობს ინფორმაციის გაცვლას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


