რესპუბლიკურის საკარანტინო ზონაში 13 პაციენტია მოთავსებული
01/03/2020 07:35:07 საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 13 პაციენტია მოთავსებული, მათგან ოთხს ტემპერატურა აღენიშნება– ამის შესახებ ჟურნალისტებს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის რესპუბლიკური საავადმყოფო მზად 88 პაციენტის მისაღებად არის მზად.
„კლინიკაში შემოყვანილ იქნა 13 პაციენტი, რომლებსაც არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები. პაციენტები კლინიკაში გადმოყვანილი არიან დაკვირვების მიზნით“ - აცხადებს ლევან გოფოძე.
რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ინფექციონისტ რევაზ მეჭურჭლიშვილის ცნობით, ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად 24 ადამიანია მოთავსებული, საკარანტინო ზონაში კი – 21.
„თბილისის ბოქსირებულ განყოფილებაში გვყავს 24 პაციენტი. გუშინ დღისით გვყავდა 36 პაციენტი, აქედან 24-ის ანალიზი წაიღეს ლუგარის ლაბორატორიაში. 19-ზე გვქონდა უარყოფითი პასუხი. მოხდა მათი კარანტინში გადაყვანა. სულ 21 პაციენტი გადავიყვანეთ კარანტიში, ანუ, ამ 19-ს პლიუს ძველი მიღებული 2. დარჩენილი პაციენტებიდან რამდენიმე პასუხი არის, თუმცა ისინი საკარანტინო ზონაში გადაყვანას მაინც არ ექვემდებარებიან. მათ აქვთ სიმპტომები, უბრალოდ არ აქვთ ეს დაავადება, შეიძლება ჰქონდეთ სხვა დაავადება. ასეთი პაციენტები, სულ 5 პაციენტი სხვა განყოფილებაში გვყავს მოთავსებული. ამჟამად, ანალიზის პასუხებს ველოდებით 5-ს, გუშინდელ წაღებულს და დღეს კიდევ 9 წაიღეს“,- განაცხადა ექიმმა.


