
„მოკავშირეები“ - ომის ზღვარზე: რა შუაშია საქართველო?
28/02/2020 14:14:44 ანალიზი
მართალია, ამჟამად საქართველოს მოქალაქეების ყურადღება შიდა პოლიტიკური თუ ჯანდაცვის საკითხებისკენაა მიმართული, თუმცა არცთუ შორს, ქვეყნის სამეზობლოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ამას როგორც ჰუმანიტარული, ისე ეკონომიკური და უსაფრთხოების განზომილებები აქვს, მით უფრო, რომ რიგი მიზეზების გათვალისწინებით, კრემლისა და ანკარის "დაახლოებას" თბილისი თვალს მშვიდად ვერ ადევნებს ხოლმე.
ინფორმაციითვის: თურქეთი და რუსეთი სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეს - შესაბამისად, ოპოზიციასა და ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. ამასთან, ორივე მხარე სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბში დაზავების გარანტად პოზიციონირებს. თურქეთი ზავის დარღვევაში ასადის ჯარს ადანაშაულებს, ხოლო რუსეთი - შეიარაღებულ ოპოზიციას. თურქეთ-რუსეთის მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით შედეგს არ იძლევა.
27 თებერვალს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის არმიის მიერ იდლიბში განხორციელებულ საჰაერო იერიშებს სულ მცირე, 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. თავდასხმას თურქეთმა შეტევით უპასუხა, რუსეთი კი ინციდენტზე პასუხისმგებლობას იხსნის.
საყურადღებოა მანამდე თურქეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, საჭიროების შემთხვევაში ანკარა რუსეთისგან შეძენილ S–400–ებს გამოიყენებსო... რუსული წარმოების სწორედ ამ საზენიტო-სარაკეტო დანადგარების გამო დაეძაბა თურქეთს მნიშვნელოვნად ურთიერთობა ნატო–სა და უშუალოდ აშშ–სთან.
ვის რა ინტერესი აქვს იდლიბის პროვინციაში
„ერთი შეხედვით, სირიის კონფლიქტს სამოქალაქო ომის შეფერილობა აქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე არსებულ სხვადასხვა ძალებს სხვადასხვა ქვეყნები იყენებენ, იგი მოკავშირეების საშუალებით ომად იქცა. როდესაც მოკავშირეებს საკუთარი ძალები აღარ ეყოთ, პროცესებში ქვეყნები უშუალოდ ჩაერთვნენ, მაგალითად - რუსეთი», – ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი და პროცესებში ჩართულ მეორე მძლავრ მხარეზე – თურქეთზეც ამახვილებს ყურაღებას:
„თურქეთი ერთის მხრივ, ცდილობს, ასადის ოპოზიციას დაუჭიროს მხარი, მეორეს მხრივ კი – შეაჩეროს მისი მიმართულებით ლტოლვილთა დიდი მასების შესაძლო დაძრვა. თურქეთს 5 მილიონამდე სირიელი ლტოლვილი ჰყავს შეფარებული. დღემდე მათი შენახვა 40 მილიარდი დოლარი დაჯდა. ლტოლვილების დამატებითი ნაკადი მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. მარტო უშუალოდ იდლიბში დაახლოებით 3,5 მილიონი ლტოლვილია თავმოყრილი, თუმცა ასადის ძალები ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. ამდენად, თურქეთისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის იდლიბის პროვინციაში ოპოზიციის პოზიციების შენარჩუნება. თუმცა ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში გადამწყვეტია, ვინ აკონტროლებს საჰაერო სივრცეს. სირიის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს რუსეთი, ამდენად, ისაა დირიჟორი“.
მოსკოვისა და ანკარის მოკავშირეობის და სირიის კონფლიქტში ნატო–ს ჩართვის პერსპექტივა
„რუსეთისა და თურქეთის სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ მრავლად გაკეთებული განცხადებები უფრო სურვილი იყო, ვიდრე რეალობა“,– ამბობს აღმოსავლეთმცოდნე და არგუმენტად კრემლისა და ანკარის შეუთავსებელ გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს ასახელებს:
„ისტორიულად ერთი და იგივე ტერიტორიებზე აცხადებდნენ პრეტენზიებს, იდენტობის საკითხი იყო და ა.შ. მეორე – თურქეთი ნატო–ს წევრი ქვეყანაა, რუსეთი კი თავს ნატო–ს მოწინააღმდეგედ განიხილავს. შესაბამისად, მათი თანამშრომლობა არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური სახის იყო, რაც მოიცავდა ვაჭრობას, გაზსადენს, ტურიზმს, სამშენებლო სფეროს. ამ კუთხით ურთიერთობა კარგად ვითარდებოდა, თუმცა ეს პოლიტიკურმა და სამხედრო ინტერესებმა გადაძლია. ვხედავთ, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა არათუ საწყის ეტაპს უბრუნდება, არამედ უარესდება: თამამად შეიძლება, ითქვას, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ორმხრივ დაპირისპირებას არ მოჰყოლია იმხელა მსხვერპლი, რაც 27 თებერვლის ინციდენტმა განაპირობა“
ბატიაშვილი ამ ეტაპზე ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას არ პროგნოზირებს, და იმ პირობებშიც, როდესაც თურქეთი ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, რომ სირიის კონფლიქტი მხოლოდ მისი პრობლემა არაა და მიგრანტების ნაკადიც გაუშვა ევროპისკენ, კონფლიქტში ნატო–ს ჩართვას არ ელის:
«კლასიკური გაგებით დიდი სამხედრო კონფრონტაცია ამას შესაძლოა, არ მოჰყვეს, მაგრამ ამ პროცესს აქვს უსაფრთხოების ეკონომიკური განზომილება. ვითარება ჯერ ესკალაციისკენ მიდის და ვნახოთ, სადამდე მივა - მივა თუ არა ეკონომიკური კავშირების გაწყვეტამდე. რაც შეეხება ნატო–ს, მისი ჩართულობა პრობლემატურად მიმაჩნია: ნატო–ს წესდების მეხუთე მუხლი მოქმედებს მაშინ, როდესაც უშუალოდ ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება თავდასხმა. ვეჭვობ, საფრანგეთსა და გერმანიას ჰქონდეთ სურვილი, სამხედრო კონტინგენტი გაგზავნონ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში. ამდენად, ვფიქრობ, ნატო განცხადებებით შემოიფარგლება და შესაძლოა, სადაზვერვო მონაცემების გაცვლაც მოხდეს».
რა შუაშია საქართველო?
სირიაში მიმდინარე კონფლიქტი ამჟამად საქართველოსთვის მყისიერ და პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ აღმოსავლეთმცოდნე რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:
- ვინ პოზიციონირებს რეგიონში;
- თურქეთის ეკონომიკა;
- უსაფრთხოება.
„ვისი პოზიციები გაძლიერდება რეგიონში - ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გარდა ამისა, იქმნება არაპირდაპირი საფრთხეები, მათ შორის - თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ყოველდღიურად უარესდება: ვნახეთ, რომ სამხედრო მოქმედებებს თურქული ლირის დევალვაცია მოჰყვა, თურქეთი კი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, საქართველოს ათასობით მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს თურქეთში, მათი სახელფასო ანაზღაურება ლირაა» - ამბობს ბატიაშვილი.
რაც შეეხება უსაფრთხოების განზომილებას, ის მიუთითებს, რომ იდლიბის პროვინციაში 10 000–ობით ჯიჰადისტი იბრძვის, მათ შორის - კავკასიური წარმოშობის მოქალაქეები:
"თუ იდლიბზე კონტროლს ასადის რეჟიმი და რუსეთი დაამყარებს, ჯიჰადისტები თურქეთში გადასვლას შეეცდებიან, შემდეგ კი, როგორც ეს იგივე აჰმედ ჩატაევის შემთხვევაში ვნახეთ, შეიძლება, ერთ–ერთ მიმართულებად საქართველო აირჩიონ.
რაც შეეხება შავ ზღვას, აქ ჯერ მოძრაობები არ შეიმჩნევა და იმედი ვიქონიოთ, რომ არც არაფერი გამოჩნდება, მაგრამ თუ დაპირისპირება შავ ზღვაზე დაიწყო, გვსურს თუ არა, ეს ჩვენც შეგვეხება, რადგან აქ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც რუსეთთან და თურქეთთან სახმელეთო საზღვარი აკავშირებს“.