
სენატის საგარეო კომიტეტში, სადაც „MEGOBARI Act“ უნდა განეხილათ, მოსმენა გადაიდო
11/03/2025 15:33:25 პოლიტიკა
აშშ-ის სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტში 11 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათისათვის დაგეგმილი მოსმენა, რომელზეც, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებული „ MEGOBARI Act“ უნდა განეხილათ, გადაიდო, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
გამოცემის ცნობით, ეს ინფორმაცია "რადიო თავისუფლების" ცენტრალურ სამსახურს დაუდასტურა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელმა. "სავარაუდო თარიღი, როდის გაიმართება მოსმენა, ამ ეტაპზე მას არ დაუზუსტებია", – იტყობინება "რადიო თავისუფლება".
„მეგობარი აქტი“, MEGOBARI Act აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის წევრმა ჯიმ რიშმა და ამავე კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას წარადგინეს.
კანონპროექტის სრული დასახელება ასეთია: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“.
კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, სწორედ ასე ითარგმნება (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს - საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე - დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში.
მსგავსი შინაარსის აქტი - „ქართველი ხალხის აქტი“ - შეიტანეს კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც. აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ მოსმენა უნდა გამართული 2024 წლის სექტემბერში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, თუმცა ეს სხდომა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. 2025 წლის 3 იანვარს სენატის ახალმა შემადგენლობამ დადო ფიცი.
ჯიმ რიში 10 მარტს ჯინ შაჰინთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში წერს, კანონპროექტი ძლიერი გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს.
„ვინაიდან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის" და მისცემს აშშ-ის ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს, თავიანთი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობის აღდგენაში... საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებული და შეძრწუნებულნი იყვნენ ხელისუფლების ავტორიტარიზმში გადაშვებითა და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევის გამო", - განაცხადა რიშმა.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომლებმაც მკაფიოდ აჩვენეს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები.
„მოხარული ვარ, რომ ხელახლა წარვადგინე ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონპროექტი თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მცდელობების წინააღმდეგ, მოშალოს დემოკრატიული ინსტიტუტები. მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელ რეგიონში, ჩვენ ზურგს ვერ შევაქცევთ მთავარ პარტნიორს, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვის“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
ცნობისთვის: ორპარტიული კანონპროექტი, MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
დემოკრატიული უკუსვლის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ
დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება; ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება; რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.