იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, 2 კვირა თვითიზოლაციაში ყოფნას სთხოვენ
28/02/2020 10:40:59 საზოგადოება
ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ეძლევათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მრავალ ადამიანს, რომელიც შემოდის, განსაკუთრებით იტალიიდან, ეძლევა რჩევა, რეკომენდაცია, რომ თუ საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნება და ისინი არიან ისტორიით ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის, იყვნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში და თუ თვითიზოლაციის პერიოდში ვინმეს ეწყება სიმპტომები (ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება), აუცილებელია, რომ მიმართონ ოჯახის ექიმს, ან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: საქართველოში ახალი კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.
იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს


