
ემანუელ მაკრონი: გადავწყვიტე, გავხსნა დებატები ჩვენი ბირთვული შემაკავებლით მოკავშირეების დაცვის თაობაზე
05/03/2025 20:35:05 ევროპა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს საღამოს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე არ ქრება და ის მთელს ევროპას ეხება საფრანგეთის ჩათვლით.
ის მიესალმება ყველა სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება უკრაინის ხარჯზე და რომ არ შეიძლება რუსეთს მიეცეს პირობების კარნახის უფლება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი “შეიარაღებას აგრძელებს” და 2030 წლისთვის “ის გეგმავს საკუთარი არმიის კიდევ უფრო გაზრდას, 300,000 დამატებითი ჯარისკაცის, 3,000 ტანკის, 300 საბრძოლო თვითმფრინავის ყოლას”.
“ამ კონტექსტში, ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? ახლა, როდესაც გესაუბრებით, და მომავალი წლებისთვის რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის…
მშვიდობა არ შეიძლება მიღწეულ იქნას ნებისმიერ ფასად და რუსული დიქტატის ქვეშ. მშვიდობა არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია, არ შეიძლება იყოს მისი ჩამოშლა. და არ შეიძლება შედგეს ცეცხლის შეწყვეტაში, რომელიც ზედმეტად მყიფე იქნება…
არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა 2014 წელს დაიწყო და მაშინ ცეცხლის შეწყვეტაზე მინსკში მოვილაპარაკეთ. და, ამავდროულად, რუსეთმა პატივი არ სცა ამ ცეცხლის შეწყვეტას და ვერ შევძელით ბალანსის შენარჩუნება მყარი გარანტიების ნაკლებობის გამო…
დღეს აღარ შეგვიძლია რუსეთის სიტყვის ნდობა. უკრაინას აქვს საკუთარი თავისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება, და ეს ჩვენს ინტერესებშია და ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესებშია. ამ მხრივ ვმუშაობთ ჩვენს ბრიტანელ, გერმანელ და რამდენიმე სხვა ევროპელ მეგობრებთან,” - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, ის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსეთის მხრიდან საფრთხისგან თავის დასაცავად მათ მიერ საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი პოტენციალის გამოყენების იდეას.
მაკრონმა გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მოწოდებაზე, რომ საფრანგეთის ბირთვული ძალების ხელმძღვანელობა ევროპის დონის მეთაურობას გადაეცეს, მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის ბირთვული ძალების კონტროლი პრეზიდენტის ხელში დარჩება:
“ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ჩვენ გვიცავს; ის სრულიად, სუვერენულია, თავიდან ბოლომდე ფრანგულია… გერმანიის სამომავლო კანცლერის [ფრიდრიხ მერცის] ისტორიულ მოწოდებაზე პასუხად, გადავწყვიტე, გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი [ბირთვული] შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვის თაობაზე… რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელში”.
მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთს ევროპაში ყველაზე ეფექტიანი არმია ჰყავს, მაგრამ აუცილებელია მისი გაზრდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა, მაგრამ იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა, აუცილებელია ხარჯების გაზრდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გადასახადები არ გაიზრდება.
თავის გამოსვლაში მაკრონმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ არ შემოიღოს გადასახადები ევროპული საქონლის იმპორტზე.