გამყრელიძე მიმართავს კერძო ლაბორატორიებს, მოქალაქეებს ბინაზე მისვლით კორონავირუსზე ტესტი არ შესთავაზონ
27/02/2020 10:31:06 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კერძო ლაბორატორიებს მოუწოდებს, მოქალაქეებს ბინაზე მისვლით ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტი არ შესთავაზონ.
„ვინც ჩვენთან სინჯს იღებს, რამდენიმეკვირიანი ტრენინგი აქვს გავლილი – როდის და როგორ იღებ სინჯს, რა ტიპის დამცავი საშუალებები უნდა გქონდეს, რა ტიპის სინჯარაში უნდა აიღო, ლაბორატორიაში რამდენ ხანში უნდა მიიტანო – ამისთვის გაწერილია სპეციალური პროცედურები. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ლაბორატორიას, ვისაც ამ ტიპის გამოცდილება არ აქვს, თქვენი პირადი მერკანტილური ინტერესების გამო ხალხს ნუ შეიყვანთ შეცდომაში, ნუ დაიწყებთ ასიმპტომური ადამიანების სინჯების აღებას სახლებში. ეს არის დაუშვებელი. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმე. ეს არ არის გრიპის ტესტები, რომელიც შეიძლება, გააკეთო. ეს არის პანდემიის საფრთხე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობაც შემცირებულია.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 81 000–ს გადააჭარბა.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს


