„ირანის მოქალაქემ ბოქსირებული პალატის კარი გატეხა და გარეთ ისე გამოვიდა“
27/02/2020 08:32:47 საზოგადოება
ირანის მოქალაქე, რომელმაც 26 თებერვალს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილება თვითნებურად დატოვა, ამჟამად აბასთუმანში, კარანტინში იმყოფება.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინე ენდელაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მას არ ჰქონდა ბოქსის დატოვების უფლება:
„ემოციურად იყო დატვირთული. გატეხა კარადა, რომელსაც ამოაძრო პატარა ნაწილი, იმ ნაწილით გააღო კარი და გამოვიდა. მართალია, ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, რადგან არის ჯანმრთელი, თუმცა მისთვის კარანტინის გავლა სავალდებულოა. ეს ადამიანი საქართველოში 25 თებერვალს შემოვიდა ირანიდან აზერბაიჯანის გავლით. მას ჰქონდა მსუბუქი ხველა, გადმოიყვანეს ჩვენთან, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ამჟამად გადაყვანილია აბასთუმანში, კარანტინში“,– აცხადებს ენდელაძე „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას.
26 თებერვალს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული პალატა ირანის მოქალაქემ თვითნებურად დატოვა. ახალგაზრდა კაცი ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს, როდესაც საავადმყოფოდან გამოვიდა სამედიცინო პერსონალი და ის კვლავ უკან შეაბრუნა.


